ახალი ამბები

არის თუ არა შეზღუდვები ზუგდიდის სკოლებში მოსწავლის ჩაცმულობაზე?

24 ნოემბერი, 2016 • 2438
არის თუ არა შეზღუდვები ზუგდიდის სკოლებში მოსწავლის ჩაცმულობაზე?

არის თუ არა შესაძლებელი, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს აუკრძალოს დახეული ჯინსის ჩაცმა და ან გრძელი და გაშლილი თმით გაკვეთილებზე დასწრება? განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების განვითარების დეპარტამენტი ამ საკითხს სწავლობს მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდის საჯარო სკოლებში ამ მხრივ დაწესებული შეზღუდვების თაობაზე.

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საუბარში აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციისაგან ჩაცმის სტილთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების შესახებ მითითებები მიიღეს და ცვლილებები სკოლის შინაგანაწესშიც შევიდა. რესპონდენტები ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, რომ გოგონებს გაშლილი თმებით, ხოლო ბიჭებს ჯინსის შარვლებით სკოლაში სიარულს უშლიან.

ამავე სკოლის დირექტორი ნინო ბულია “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ სკოლაში მსგავსი აკრძალვები არც შინაგანაწესში შესულა და არც სიტყვიერად გაუფრთხილებია სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ბულიას თქმით, სკოლაში მოქმედებს მხოლოდ მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დადგენილებებს. ნინო ბულია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან გაჩნდა ეს პრეტენზიები, როდესაც, როგორც თვითონ ამბობს, მისთვის პირადად ამ საკითხზე არც ერთ მოსწავლესა და მშობელს მიუმართავს.

“შინაგანაწესში მსგავსი რამ, რომ თმები არ გაიშალოთ, ან რომელიმე სახის ტანსაცმელი არ ჩაიცვათო, ეს არ წერია და ვერც ჩავწერთ. არც ზეპირი მითითებები ყოფილა. შინაგანაწესი საჯარო დოკუმენტია და გამოკრულია სკოლაში. ყველას შეუძლია მოვიდეს და გადახედოს. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. ჩვენი სკოლა არის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი. მსგავსი პრეტენზიებით ჩვენთან არც ერთი მშობელი არ მოსულა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ, როგორ ვხვდებით ბავშვებს. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ მოსწავლეს არ მივცე საშუალება, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩაერთოს,” – აცხადებს ბულია.

ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ხუფაცარია “ნეტგაზეთთან” საუბარში ასევე ამბობს, რომ მის სკოლაში შეზღუდვები ჩაცმულობასთან დაკავშირებით არ არსებობს და შინაგანაწესის შედგენისას ყველა სკოლა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს ნორმატიული აქტებით ხელმძღვანელობს.

“სკოლა დამოუკიდებელია ამ საკითხში. ყველაზე მთავარი არის, რომ სკოლის შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საერთო კანონს, არ უნდა არღვევდეს უფლებებს – კონსტიტუცია, შრომის კოდექსი, ეს არის ყველაფერი, რასაც ვეყრდნობით. სკოლისთვის რაც უმჯობესია, ის ჩაიწერება განაწესში. სკოლაში აქცენტი უნდა კეთდებოდეს სწავლაზე და არა ჩაცმაზე. მაინცდამაინც კაბა ჩაიცვი, ან თეთრი პერანგი, ეს დროს და მოტივაციას ართმევს ბავშვს,” – ამბობს ნანა ხუფაცარია.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ზუგდიდის N3, N6 და N13 საჯარო სკოლებს. ყველა მათგანში ასევე აცხადებენ, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჩაცმის თავისუფალ არჩევანს არ უზღუდავენ, თუმცა ეთიკის ნორმების დაცვა ყველას ევალება. ასევე არც რეგიონში მოქმედ სხვა სკოლებზე ფლობენ მსგავსი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში მოქმედი შინაგანაწესების გადამოწმებას იწყებენ. სამინისტოში ამბობენ, რომ ამ დრომდე მოსწავლეებისათვის დაწესებული აკრძალვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და განათლების განვითარების დეპარტამენტი გამოიკვლევს, უწესებენ თუ არა სკოლის დირექტორები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეზღუდვებს ჩაცმულობაზე.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ ჩაცმულობასთან დაკავშირებით სკოლებისათვის დირექტივები არც სამინსიტროსა და არც რეგიონულ რესურსცენტრს არ გაუცია და შინაგანაწესებში შესაძლო ცვლილება, სავარაუდოდ, დირექტორთა პირადი ინიციატივის შედეგია. იქიდან გამომდინარე, რომ შინაგანაწესს დირექტორები დამოუკიდებლად ადგენენ, სამინისტროში ჯერ არ იციან, შეზღუდვების დაფიქსირების შემთხვევაში, რა პროცედურების გატარება გახდება საჭირო.

“ზოგადად, სკოლები თავად იღებენ შინაგანაწესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ რამ უბიძგათ, სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის არ არის ცნობილი. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ ჩაცმულობის გამო ბავშვებს სკოლაში მისვლის უფლება შეუზღუდო. პროცედურულად როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჯერ არ ვიცით. სამინისტროს იურისტები და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი ჩაერთვებიან ამ საქმეში,” – აცხადებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატა ასათიანი.

საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ერთიანი უნიფორმები არ აქვთ, თუმცა სკოლაში მოქმედებს მოსწავლის ქცევის კოდექსი, სადაც მითითებულია, რომ მოსწავლე შესაფერისად უნდა იცვამდეს, ასევე, სკოლების შინაგანაწესი, რომელსაც დირექტორი ამავე კოდექსზე დაყრდნობით დამოუკიდებლად ადგენს.

მოსწავლის ქცევის კოდექსის მეორე თავის მე-6 მუხლის თანახმად, მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. როგორც სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ამ კუთხითაც ყველა საჯარო სკოლა საკუთარი შინაგანაწესით ხელმძღვანელობს. სკოლის შინაგანაწესის შედგენისას დირექტორი თავისუფალია. მას თავად შეუძლია განმარტოს კანონის ეს ნაწილი და დაადგინოს, რა მიიჩნევა კონკრეტულ სკოლაში შესაფერის სამოსად. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, თუ რომელიმე სკოლის დირექტორი ჩაცმასთან დაკავშირებით მოსწავლეებს შეზღუდვებს დაუდგენს, ამისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველიც ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი