ახალი ამბები

პრეზიდენტი: მთავარია, ჯარი ისე იყოს მომზადებული, რომ მტერს საზღვრების შელახვის ინტერესი არ გაუჩნდეს

23 ნოემბერი, 2016 • 1336
პრეზიდენტი: მთავარია, ჯარი ისე იყოს მომზადებული, რომ მტერს საზღვრების შელახვის ინტერესი არ გაუჩნდეს

დღეს, 23 ნოემბერს ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებული ძალების დროშა და შტაბის ხელმძღვანელობა ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში საზეიმოდ პირველად აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო.

“მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. სიმბოლურია, რომ გიორგობას ჩვენ ვატარებთ ქართულ ჯართან ერთად – იქ, იმ ადგილზე, იმ ხალხთან, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენი ერისა და ხალხის სიმბოლოს, სიმბოლოს – სიკეთის ძალით, სამხედრო ღირსებით და რწმენით სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხებისა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების მემკვიდრეობითობის გაღრმავების საქმეში. დღეს მადლობას ვეუბნებით გენერალ კაპანაძეს სამშობლოს სამსახურისათვის და ახალ მისიას და ახალ ვალდებულებას ვაკისრებთ გენერალ ჩაჩიბაიას.

ბატონო გენერალო, თქვენ ძალიან რთული მისიის შემსრულებელი ხდებით. თქვენ ხართ საოცარი მხედრული ტრადიციების შთამომავალი და იმ ჯარისკაცების ხელმძღვანელი, ვინც ღირსებით ატარა საქართველოს დროშა, როგორც ავღანეთში, ასევე, სხვა მისიებში. თქვენ ხართ ურთულეს რეგიონში ურთულესი ამოცანების წინაშე მდგარი სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი.

მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავარია,  ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას.

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გენშტაბის ყოფილ უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 22 ნოემბერს ამოეწურა. იგი ამ თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეცვალა, რომელიც ამ დრომდე ვახტანგ კაპანაძის მოადგილე იყო.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, აქვს შემითავაზება, რომ ნატოში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად დაიწყოს მუშაობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი