ახალი ამბები

ვეტერინარი ხორცის ვარგისიანობაზე ყალბი ცნობის გაცემის ბრალდებით დააკავეს

23 ნოემბერი, 2016 • 1726
ვეტერინარი ხორცის ვარგისიანობაზე ყალბი ცნობის გაცემის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სურსათის ეროვნული სააგანტოს ვეტერინარმა ხორცის ვარგისიანობაზე ყალბი ცნობა გასცა.

როგორ საგამოძიებო სამსახურის განცხადებიდან ირკვევა, ბრალდებულმა: ფინანსური გამორჩენის მიზნით ხორცზე ყალბი ცნობა გასცა, ასევე, არ აცრა პირუტყვი “თურქულზე” და დაამზადა ყალბი დოკუმენტი, თითქოს პირუტყვი უკვე აცრილი იყო.

“ბრალდებულმა, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა სააგენტოს მიერ დაკვეთილი სამუშაოს – პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, ასევე ხორცის ჯანმრთელობის (ვარგისობის) ნიშანდება და ბეჭდით დამოწმება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ფინანსური გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, თითქოსდა ხორცს ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება. ხოლო შეუმოწმებელ პირუტყვის ხორცზე, თითქოსდა პროდუქცია აკმაყოფილებდა დაწესებულ სტანდარტს, დაიტანა ვარგისიანობის ნიშანდება. გარდა ამისა, მატერიალური გამორჩენის მოტივით ბრალდებულმა არ განახორციელა პირუტყვის ვაქცინაცია ე.წ. ,,თურქულზე’’, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაამზადა ყალბი დოკუმენტი ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე ფორმა N1ბ, თითქოსდა პირუტყვი იყო აცრილი,”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობითვე,  ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, ასევე თაღლითობა ედება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე, 210 – ე და 180-ე მუხლები).

მასალების გადაბეჭდვის წესი