ახალი ამბები

16 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა

23 ნოემბერი, 2016 • 1657
16 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა

თბილისში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 16 ოქტომბერს სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” იურისტის, ციალა რატიანის ცნობით, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 22 ნოემბერს გარდაიცვალა. ამჟამად გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

ტრანსგენდერი ქალს 2016 წლის 16 ოქტომბერს დაესხნენ თავს და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. იგი ჯერ “ნიუჰისპიტალსში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ- რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, იგი კომაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. იგი 1985 წელსაა დაბადებული და წარსულში ნასამართლევია. ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც 16 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, დაახლოებით ორი წელია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის” (WISG) ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი