ახალი ამბები

სახიფათო სათამაშოები სახელმწიფო კონტროლის გარეშე

22 ნოემბერი, 2016 • 3965
სახიფათო სათამაშოები სახელმწიფო კონტროლის გარეშე

არის თუ არა უსაფრთხო ის სათამაშოები, რაც საქართველოში იყიდება? – უწყება, რომელიც ამას გამოავლენს და შემდეგ აკრძალავს მის გაყიდვას, საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, ყველაფერი მიმწოდებლის ან გამყიდველის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პროექტის “მომხმარებელი.გე”-ს ცნობით, თბილისის სათამაშოების მაღაზიებში 10 სახის სათამაშო 2016 წლის 31 ოქტომბერს შეიძინეს და გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გააგზავნეს.

“მოხმარებელი.გე”-ს ცნობით, 10-დან 9 სათამაშოში დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა დი-2-ეთილჰექსილფტალატის შემცველობა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია.

დი-2-ეთილჰექსილფტალატი არის ფტალატების ჯგუფში შემავალი ნივთიერება, რომელსაც აქვს დამარბილებელი ეფექტი და ელასტიკურობას სძენს საგანს. მას იყენებენ სათამაშოებში, საჭმლის შესაფუთ საშუალებებში, ფეხსაცმელებში და სხვადასხვა სახის პროდუქტში.

ქიმიური ინსპექციისა და რეგულირების სამსახურის ცნობით, რომელიც ჩინეთში ბაზირებული კერძო ორგანიზაციაა, კვლევებმა აჩვენეს, რომ მამაკაცის სპერმის შემცირება ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში დაკავშირებულია ფტალატებისა და სხვადასხვა სახის დამარბილებლების გამოყენებასთან. სპეციალისტები ასევე მიიჩნევენ, რომ სათამაშოები, რომლებიც შეიცავენ ფტალატებსა და სხვადასხვა სახის დამარბილებლებს, საფრთხეს უქმნიან ბავშვის თირკმელსა და ღვილს.

არის თუ არა ეს სათამაშოები მართლაც საშიში და რა რეაგირება მოჰყვება მაღაზიის მფლობელების მხრიდან მომხმარებელი.გე-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას?

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სათამაშოების მაღაზია “ჰობი მასტერს”, სადაც შეძენილი სათამაშო ლაბორატორიულად შეისწავლა მომხმარებელი.გე-მ. მაღაზიის დირექტორმა კახაბერ ჯუღელმა განაცხადა, რომ მისი კომპანია სათამაშოებს გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან იღებს.

კონკრეტულად ის სათამაშო, რომელიც “მომხმარებელი.გე”-მ შეისწავლა, ჩინური წარმოებისაა, თუმცა ევროკავშირის ბაზრისთვისაა დამზადებული და სწორედ ნიდერლანდებიდან მიიღო ეს სათამაშო. ჯუღელი ამბობს, რომ მას აქვს სერტიფიკატი და ენდობა მიმწოდებლის მიერ გაცემულ ცნობას, რომ სათამაშო აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და საზიანოს არაფერს შეიცავს.

“ჩვენ არ შემოგვაქვს ჩინეთიდან, შესაბამისად, არ ვამოწმებთ ამ პროდუქტს, ჩვენ შემოგვაქვს ევროპიდან და ვენდობით იმ კომპანიებს, ვისგანაც შემოგვაქვს. რახან არის ის შესული ევროპაში, შესაბამისად, მას აქვს სერტიფიკატი”, – ამბობს ჯუღელი.

იგი ამბობს, რომ ამ თოჯინას შეამოწმებენ და ამის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა საქართველოში არ არსებობს აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეისწავლის სათამაშოებში ნივთიერებების შემცველობას.

მაღაზიაში “ცეროდენა”, სადაც შეძენილ სათამაშოში დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატებოდა დი-2-ეთილჰექსილფტალატი, განგვიცხადეს, რომ მათ არ სურთ ამ საკითხზე არაფრის თქმა, ხოლო კვლევის მონაწილე კიდევ ერთ მაღაზიაში “თოი ლენდში” კი გვითხრეს, რომ პასუხისმგებელი პირი თვის ბოლოს ჩამოვა საქართველოში.

ევროკავშირში, რომლის წევრია ნიდერლანდები და გერმანია, მოქმედებს დირექტივა, რომლის მიხედვით, დი-2-ეთილფექსილფტალატის შემცველობა იმ ნივთებსა და სათამაშოებში, რომლებთანაც შეხება აქვს ბავშვს, არ შეიძლება აღემატებოდეს ნივთის წონის 0.1%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პროდუქტების ბაზარე გატანა არ შეიძლება.

მაგალითად, ნიდერლანდებში, ევროკავშირის დირექტივის გარდა, პროდუქტის, მათ შორის სათამაშოების, კონტროლი ეკისრება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შექმნილ საკვებისა და სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტოს. სააგენტო ამოწმებს იმას, არის თუ არა უსაფრთხო ესა თუ ის პროდუქტი. პროდუქტის უსაფრთხოებას არეგულირებს კანონი სამომხმარებლო პროდუქტის შესახებ (commodities act).

სააგენტო პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, მომხმარებელი იყოს დარწმუნებული, რომ პროდუქცია მისი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ხოლო მწარმოებლები და მიმწოდებლები აკმაყოფილებენ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს.

სააგენტოს მოვალეობაში ისიც შედის, რომ დაადგინოს, სად არის ადამიანების, ცხოველებისა და ბუნებისთვის დიდი რისკი, აფასებს ამ რისკებს და მოქმედებს შესაბამისად – სააგენტო აწყობს ინსპექციებს კომუნიკაციისა და წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე.

ევროკავშირის წევრ გერმანიაში მომხმარებლების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტს. ინსტიტუტის საქმიანობა და შეფასება არის ძირეული მნიშვნელობის რეგულაციების დადგენისათვის და მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების გაცემისთვის. 

ევროკავშირის დირექტივის გარდა, სამომხმარებლო პროდუქტებზე კონტროლს გერმანიის ეროვნული კანონმდებლობაც აწესებს, მათ შორისაა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ რეგულაცია.

საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს სათამაშოების კონტროლზე. საქართველოში არ არსებობს ასევე კანონი, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების უსაფრთხოებას. საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუყვანია შესაბამისობაში კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივასთან სათამაშოების შესახებ, რომლის შესრულების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის პარალელურად უნდა განხორციელდეს.

სულხან ტაბაღუა, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის თანაშრომელი, ამბობს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით შესრულების ვალდებულება აქვს 2019 წლის დასაწყისამდე, რის შემდეგაც რომელიმე მოქმედ  ან ახლად შექმნილ უწყებას დაეკისრება სათამაშოების ბაზრის მონიტორინგის ფუნქცია.

ტაბაღუა ამბობს, რომ “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია, რომ დაიცვას მომხმარებლების უსაფრთხოება და არ განათავსოს ბაზარზე ისეთი პროდუქტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მომხმარებლების უსაფრთხოებას.

კითხვაზე, რა სანქცია დაეკისრება კომპანიას იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო პროდუქციას გაიტანს, პასუხობს:

“სანქცია ამ მიმართულებით არ არის. სანქციები არის სურსათის მიმართულებით, რაც კანონმდებლობით და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული. თუმცა უსაფრთხოების მოთხოვნებსა და ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ მეწარმეს, რომელიც არაუსაფრთხო პროდუქციას განათავსებს ბაზარზე. ეს შესაბამისი მუხლებით რეგულირდება, შესაძლოა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყოს, შესაძლოა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული,” – ამბობს ტაბაღუა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი