ახალი ამბებისამართალიტექნოლოგიები

„გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ – ვირუსების წყარო ფეისბუკში

22 ნოემბერი, 2016 • 2424
„გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ – ვირუსების წყარო ფეისბუკში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ფეისბუკის მომხმარებლებს აფრთხილებს, არ გახდნენ სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი შემოთავაზების მსხვერპლი, რომელიც მათ პერსიონალურ მონაცემებზე წვდომას უცხო პირებს მიანიჭებს.

აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პირი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ლინკზე – „გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ გადავა და საიტის მიერ მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებს, ვებგვერდი მოიპარავს ფეისბუკ-მომხმარებლის შესახებ პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას და საკუთრი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.

“საიტი შეძლებს გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში, გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით. ასეთი საიტების მსხვერპლად ქცევა დაგაზარალებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მეგობრებსაც. დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება,” – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც, “ფეისბუკმა” არაერთხელ ოფიციალურად განაცხადა, საიტს ასეთი სერვისი არ გააჩნია, შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოუწოდებს მომხმარებლებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და არ დათანხმდნენ მსგავსი ტიპის შემოთავაზებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი