ახალი ამბებისამართალი

რუსთავი 2: უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა

22 ნოემბერი, 2016 • 2442
რუსთავი 2: უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმე სამი მოსამართლისგან შემდგარი პალატის ნაცვლად დიდმა პალატამ განიხილოს.

უზენაესი სასამართლოს სპიკერმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ინფორმაციას ვერ დაადატურებს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მისთვის სამდივნოს ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ამ დრომდე საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შემადგენლობით.

უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში შედიან მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მიხეილ ჩინჩანაძე, მზია თოდუა, მაია ვაჩნაძე, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი, ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი.

როგორც თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, საქმე გადაეცა დიდ პალატას, ვინაიდან საქმე თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს.

ამჟამად ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაინიშნება ამ საქმეზე მორიგი სხდომა და არც ის იციან, როდის გადაეცემათ დასაბუთებული განჩინება.

უზენაესი სასამართლოს პალატამ სამი მოსამართლის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განხილვა გუშინ, 21 ნოემბერს დაიწყო.

რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი