ახალი ამბები

პარლამენტის ნდობის ჯგუფში “პატრიოტთა ალიანსს” წარმომადგენელი ეყოლება

22 ნოემბერი, 2016 • 2046
პარლამენტის ნდობის ჯგუფში “პატრიოტთა ალიანსს” წარმომადგენელი ეყოლება

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ერთი წევრი ეყოლება პარლამენტის ნდობის ჯგუფში, რომელიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება.

ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.

საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. რაც ნიშნავს, რომ ნდობის ჯგუფის წევრის ასარჩევად პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა არ გაიმართება.

საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენამდე ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს:  ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას;  ბ) პირის შემოწმების პროცედურას;   გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას;   დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;   ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, დეპუტატს შესაბამისი ორგანოები შეამოწმებენ:

“არსებული კონფიგურაციიდან გამომდინარე, პატრიოტთა ალიანსს შეიძლება, ნდობის ჯგუფში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. ამისათვის მათ შესაბამისი პირი უნდა დაასახელონ, თუმცა ამ პირმა შემოწმება უნდა გაიაროს. შემოწმება შესაბამისი სამსახურის პრეროგატივაა. თუ შემოწმება გაიარა, მას პარლამენტის არჩევა ან ვინმეს მხარდაჭერა არ სჭირდება. ის ავტომატურად ნდობის ჯგუფის წევრია.”

ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ  სპეციალურ პროგრამებსა და საიდუმლო საქმიანობას, ნდობის ჯგუფს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ წარუდგენენ მოხსენებებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

ამასთან,  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს.

ხოლო  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საიდუმლო საქმიანობის შესახებ.

სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შემთხვევაში ნდობის ჯგუფის წევრები და მისი აპარატის თანამშრომლები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით, ნდობის ჯგუფის წევრს კენჭისყრა არ სჭირდება, 2014 წლიდან მოქმედებს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით წინა მოწვევის პარლამენტს ირაკლი სესიაშვილმა მიმართა. მაშინ  მმართველ გუნდს არ სურდა ნდობის ჯგუფში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძე ყოფილიყო. ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი ნორმით, საქართველოს პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებდა დადგენილებით. კენჭსიყრა ტარდებოდა პერსონალურად. თუ პარლამენტი რომელიმე კანდიდატს არ დაამტკიცებდა, მაშინ შესაბამის საპარალამენტო სუბიექტს სხვა კანდიდატი უნდა წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი