ახალი ამბები

განახლებულ მთავრობას 3 ახალი სახე ეყოლება

22 ნოემბერი, 2016 • 2483
განახლებულ მთავრობას 3 ახალი სახე ეყოლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სამინისტროების უმრავლესობას ცვლილებები არ შეეხება, თანამდებობებს ტოვებენ ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი. ყველა ქვემოთ დასახელებული ადამიანი ჯერ მხოლოდ მინისტრობის კანდიდატია, რადგან მათ ლეგიტიმაციისათვის პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროებათ. რაც შეეხება ახალ სახეებს, კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატობის 3 ახალი წევრი წარადგინა, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ ალავიძე და გიორგი გახარია.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილი ზურაბ ალავიძემ შეცვალა, რომელიც მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

ზურაბ ალავიძე

ზურაბ ალავიძე

ზურაბ ალავიძე 2009-2010 წელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2011-2016 წლებში სს დარიალი ენერჯის დირექტორი იყო, მიმდინარე წელს კი მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა. ზურაბ ალავიძის მიერ 2016 წელს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, ნაღდი ფულის სახით 10 000 ევროსა და 6000 ლარს ფლობს. მისი საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება:

Screen Shot 2016-11-22 at 11.41.23 AM

ალავიძე და მისი მეუღლე ნინო ჟღენტი ცალ-ცალკე, ჯამში, თბილისში 4 ბინას ფლობენ, ნინო ჟღენტს ერთი ბინა აქვს დაბა ბაკურიანში. მათ მფლობელობაშია თბილისში რამდენიმე ავტოფარეხი და არასცხოვრებელი ფართი.

ფინანსთა მინისტრის პოსტს ტოვებს ნოდარ ხადური. მას ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, რომელიც მანამდე მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ეკონომიკის მინისტრად იმუშავებს გიორგი გახარია, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტიდან ინაცვლებს.

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

გახარია პარლამენტში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხვდა. მანამდე ბიზნესომბუდსმენის პოსტს იკავებდა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გახარია საცხოვრებელ ბინას ფლობს რუსეთში (მოსკოვის ოლქი ქ. ოდინცივი, ვოკზალნაია ქ. 19 ბინა 259, ფართობი – 76.00 კვ.მ). დეკლარაციის მიხედვით გახარიას თბილისში სახლი არ გააჩნია. მისი საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება:

Screen Shot 2016-11-22 at 12.02.37 PMევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ყოფილი თავისუფალი დემოკრატი ვიქტორ (ვიკა) დოლიძე შეცვლის. თავად დავით ბაქრაძე აშშ-ში ინიშნება საქართველოს ელჩად. რაც შეეხება დოლიძეს, იგი პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციაში გადავიდნენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დოლიძე კენჭს თავისუფალი დემოკრატების სიით იყრიდა და მაჟორიტარულ არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა პარლამენტში შესვლა ვერ შეძლო. მან თავისუფალი დემოკრატები პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დატოვა.

კახა კალაძე, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია, პარლამენტარის მანდატს დატოვებს და კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტროში გადაინაცვლებს.

სხვა სამინისტროებს ცვლილებები არ ეხება: იუსტიციის მინისტრი კვალვ თეა წულუკიანი იქნება, განათლების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით უქმდება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში, რომელსაც გელა დუმბაძე ხელმძღვანელობდა. ეს სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედის.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ლეგიტიმაცია პარლამენტმა უნდა მიანიჭოს. მინისტრობის ზემოხსენებულ კანდიდატებს პარლამენტში ჯერ კომიტეტების, ხოლო შემდეგ უცმირესობა/უმრავლესობის ფორმატებში მოუსმენენ, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება. მთავრობას ლეგიტიმაციისათვის 76 ხმა ესაჭიროება, “ქართული ოცნება” კი პარლამენტში 115 მანდატს აკონტროლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი