ახალი ამბები

“ყველა სტუდენტი თანასწორია” – თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნების დღეს აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2016 • 2541
“ყველა სტუდენტი თანასწორია” – თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნების დღეს აქცია გაიმართება

2016 წლის 25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, სადაც მონაწილეობას თვითმმართველობის ახლანდელი წევრები და დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ. თუმცა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია115”, რომელიც არჩევნების დღეს საპროტესტო აქციას გამართავს უნივერსიტეტის I კორპუსის წინ.

აუდიტორია115-ის წევრები მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და მხოლოდ ცვლილების შემდეგ ჩატარდეს არჩევნები პირდაპირი წესით. როგორც “115”-ის წევრები ამბობენ, ცვლილებების პაკეტის თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება და მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები.

2016 წლის აპრილში თსუ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“სისტემა ყარს” – აწერია 2016 წლის აპრილში თსუ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილის ნიღაბს. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

სტუდენტები დიდი ხანია, თვითმმართველობის არსებულ მოდელს აპროტესტებენ. “სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა სარეკომენდაციო წერილი. საფაკულტეტო საბჭოს არჩევის წესი არის დისკრიმინაციული, რომლის მიხედვითაც არსებული დებულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის შესახებ არსებული კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მზაობა გამოთქვა საქართველოს განათლების მინისტრმაც”, – წერენ მოძრაობის წევრები ფეისბუკის გვერდზე და უნივერსიტეტის სხვა პრობლემებზეც საუბრობენ:

[checklist]

  • “გაუსაძლისი მდგომარეობაა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. სტუდენტურ ქალაქში გამოყოფილ ადგილთა მცირე რაოდენობა არ არის საკმარისი სტუდენტებისთვის. აუცილებელია, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოს დამატებითი ხარჯები უკვე არსებული საერთო საცხოვრებლისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მათი რაოდენობის გასაზრდელად. 
  • უმძიმესი მდგომარეობაა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის კუთხითაც. გარე რეფერირების მექანიზმის არარსებობის გამო უნივერსიტეტში გამეფებულია აკადემიური კორუფცია და კლანური მმართველობა. მოვუწოდებთ ბატონ რექტორს, დააჩქაროს პროცესები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის მუშაობას!
  • აგრეთვე, უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან არ იღებენ საკმარის დაფინანსებას, რის გამოც უნივერსიტეტში სამეცნიერო პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ აუდიტორია115-თან შეხვედრისას გაცემული დაპირება. აღნიშნული დაპირება გულისხმობდა, რომ კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების მინიმუმის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან”, – წერია “აუდიტორიის” განცხადებაში.

[/checklist]

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების გარდა, სტუდენტური მოძრაობის წევრები ითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი, გაუმჯობესდეს პირობები სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში და გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება.

"ყველა სტუდენტი თანასოწრია" - წარწერა კედელზე. ფოტო: აუდიტორია115

“ყველა სტუდენტი თანასოწრია” – წარწერა კედელზე. ფოტო: აუდიტორია115

მასალების გადაბეჭდვის წესი