ახალი ამბები

როგორ აისახება სიღარიბე ყოველდღიურობაზე – კეთილდღეობის კვლევა 2015

21 ნოემბერი, 2016 • 3294
როგორ აისახება სიღარიბე ყოველდღიურობაზე – კეთილდღეობის კვლევა 2015

უნისეფის მიერ მოსახლეობაში ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ წლების მანძილზე საქართველოში სიღარიბის ტენდენცია კლებულობს, თუმცა ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

15168875_1448883885140939_520150206201435387_o

მონაცემები გვიჩვენებს, რომ ოჯახების 38%-ში 16 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს. ამ ბავშვებისთვის სიღარიბის მაჩვენებელმა დაიკლო, თუმცა ბავშვები კვლავ უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე, ზოგადად, მოსახლეობა ან პენსიონერები.

საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვიანი ოჯახების 46 % სოფლებში ბინადრობს, ამის პარალელურად კი ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები 50%-ით უფრო მაღალია სოფლებში ქალაქთან შედარებით.

ბავშვის ყოლა აისახება ოჯახის შემოსავალსა და ხარჯზეც. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ბავშვიან ოჯახებში საშუალო შემოსავალი 33%-ით მაღალია ბავშვის გარეშე მცხოვრებ ოჯახებთან შედარებით, თუმცა საბოლოოდ, თუ სურათს შევხედავთ, შემოსავლების გადანაწილების კუთხით ის რადიკალურად იცვლება, რადგან ბავშვიან ოჯახებში  საშუალო მოხმარება 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ. 

“ყველა ბავშვს აქვს უფლება, გაიზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი, იყოს განათლებული და დაცული, ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები ცხოვრებაში, როგორც სხვა ბავშვებს. ჩვენი ვალდებულებები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით უნდა შეესატყვისებოდეს ჩვენს ქმედებებს თითოეული ბავშვისათვის. სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია შემუშავდეს ბავშვის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს  სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების უფრო ძლიერ სისტემებს საქართველოში თითოეული ბავშვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად”,- ამბობს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. 

კვლევის პრეზენტაციას, რომელიც დღეს, 21 ნოემბერს, გაიმართა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც ესწრებოდა, რომელსაც ასევე ჰკითხეს ბავშთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელი კიდევ ერთი კომპონენტის, სოციალური მუშაკების შესახებ. სწორედ სოციალურ მუშაკს ევალება ღარიბი ბავშვების აღმოჩენა და დახმარება. როგორც გაირკვა, თუ 2005 წელს სისტემაში 240 სოციალური მუშაკი იყო, რომლებიც მხოლოდ ბავშთა საკითხებზე მუშაობდნენ, დღეს 200 სოციალური მუშაკია, რომლებსაც დამატებით 22 მიმართულებით მუშაობა დაევალათ, მათ შორის, პენსიონრებთან, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და სხვა:

“ყველას სათქმელი თქვით ამ პრობლემის დასმისას, ეს გადინება გამოწვულია სწორედ იმით, რომ ადამიანები, სოციალური მუშაკები, რომლებიც იზრდებიან ჩვენს სისტემაში, შემდეგ მიდიან იქ, სადაც უფრო მაღალი ანაზღაურებაა, უკეთესი პირობებია. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ უყურადღებოდ გვყავს დატოვებული თანამშრომლები, შესაძლებლობის და იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც სამინისტროს აქვს, პირველ რიგში, გასულ წელს ამ ადამიანების ხელფასი გავზარდეთ”,- განაცხადა სოფრომაძემ.

კვლევის მთავარი მიგნებები:

[checklist]

  • ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში.
  • უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებია)  დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3.9-დან 2.1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2.5 პროცენტამდე – ბავშვებში.
  • ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი, დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონე მოსახლეობაში 2013 წლის 24.6 პროცენტიდან 18.4 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 28.4-დან 21.7 პროცენტამდე შემცირდა.
  • იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება.
  • ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება.

[/checklist]

კვლევის მიხედვით, მოსახლეობაში გაზრდილია სუბიექტური სიღარიბე, რაც ნიშნავს, რომ ოჯახების თქმით, ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს საკმარისი საკვებით, ან ცუდად იკვებებიან, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მოსახლეობის 36 % თვლის, რომ ღარიბია, თუმცა, რეალურად, თუ მატერიალური სიღარიბის მაჩვენებლებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ყველა ჯგუფი იმაზე ბევრად უფრო პესიმისტურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას, ვიდრე მათი სამომხმარებლო სიღარიბის მონაცემებია

“ეს კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას – კვლავაც ასახავს თუ არა რეალურ მდგომარეობას სიღარიბის საზომად წინა წლებში გამოყენებული ფულადი ზღვრები”,- ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

2015 წელს უმთავრეს პრობლემად ოჯახები ყველაზე ხშირად ოჯახის წევრების უმუშევრობას და მედიკამენტების ყიდვას ასახელებდნენ. 2015 წლისთვის მესამე, ყველაზე ხშირად დასახელებულ პრობლემად საბანკო სესხების დაფარვა იქცა.

კვლევის თანახმად, გაიზარდა ოჯახის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის წევრი წელიწადში ჯანდაცვაზე 347 ლარს ხარჯავს, 2013 წელს ეს ციფრი 243 ლარი იყო. ჯანდაცვის ხარჯები მოიცავს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ექიმებთან ვიზიტებს, სამედიცინო პროცედურებს, ქირურგიულ ოპერაციებს, ჰოსპიტალურ მომსახურებას, ორსულობის მონიტორინგს, ქალთა კონსულტაციას, რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას, იმუნიზაციის ხარჯებს, მზრუნველობისა და მოვლის ხარჯებს, მედიკამენტების შესყიდვას, სამედიცინო დაზღვევის გადასახადებს და სხვა არაფორმალურ ხარჯებს.

2

“2013 წლის შემდეგ ორჯერ შემცირდა იმ შინამეურნეობების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის უმთავრეს სირთულეს სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა წარმოადგენს, მაგრამ, სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შინამეურნეობების რიცხვი, რომლებსაც ძალიან უჭირთ მედიკამენტების ყიდვა. მედიკამენტების შესყიდვა კვლავაც რჩება ჯანდაცვის ხარჯების უმთავრეს კომპონენტად, როგორც მთლიანობაში, ასევე, ჯანდაცვის ხარჯების პროცენტულ მაჩვენებელში. ხარჯების საშუალო მაჩვენებელი ნიღბავს ჯანდაცვის რეალურ ხარჯებს შორის არსებულ დიდ სხვაობას, რადგან ყველა შინამეურნეობას ერთნაირი მომსახურება არ ესაჭიროება”

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საყველთაო ჯანდაცვის პირობებებში ჯანდაცვის ხარჯები გაზრდილია:

“თითქოს პარადოქსია, მაგრამ ამას აქვს თავისი ახსნა, ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხი უფრო ხშირად აკითხავს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. მას აქვს საშუალება, რომ გარკვეული მომსახურეობა მიიღოს უფასოდ და გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მომსახურეობა არ იფარება სრულად, მას ახლავს თანაგადახდა, სწორედ ამ მიზეზითაა ეს ხარჯი გაზრდილი”- განაცხადა მან. 

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი