ახალი ამბები

ზვიად ძიძიგური: უმრავლესობის ფარგლებში სხვა ფრაქციებიც შეიქმნება

21 ნოემბერი, 2016 • 1529
ზვიად ძიძიგური: უმრავლესობის ფარგლებში სხვა ფრაქციებიც შეიქმნება

პარლამენტის ვიცესპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში რამდენიმე ფრაქცია კიდევ შეიქმნება. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, ფრაქციების შექმნაზე კონსულტაციები მიმდინარეობს:

“მიმდინარეობს კონსულტაცია, რომ პარტიული კუთხით კიდევ ჩამოყალიბდეს ფრაქციები, რათა უფრო მრავალფეროვანი იყოს საპარლამენტო ცხოვრება. მოკლე ხანში დასრულდება ეს კონსულტაციები და უმრავლესობის რიგებში ვიხილავთ ახალ ფრაქციებს. მხოლოდ “ქართული ოცნება-მრეწველების” ფრაქციაზე არც ყოფილა საუბარი, უბრალოდ, იქ უფრო მოკლე დროში დასრულდა კონსულტაციები.”

ზვიად ძიძიგურის განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები “კონსერვატიული პარტიის” ფრაქციის შექმნაზე.

18 ნოემბერს პარლამენტში “მრეწველების” ფრაქცია შეიქმნა.  მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიმონ ნოზაძე “მრეწველების”ერთადერთი წევრია.  მის ფრაქციას ხუთი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დაემატა. ეს დეპუტატები არიან თენგიზ ხუბულური, თემურ კოხრეიძე, ლევან ბეჟანიძე, ელგუჯა გოცირიძე, შოთა შალელაშვილი.

უმრავლესობის ფარგლებში შესაძლოა კიდევ ერთი ფრაქცია გია ჟორჟოლიანმა შექმნას, რომელიც პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” თავმჯდომარეა.

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის თანახმად, პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ ის შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, [პარტია] ბიუჯეტიდან 300 000 ლარს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი