ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

21 ნოემბერი, 2016 • 1688
ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა საქართვლეოს რამდნეიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ყველაზე მეტი გამოძახება ქუთაისში დაფიქსირდა, სადაც ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც. როგორც სააგენტოში აცხადებენ, იმერეთში 70-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა და ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია.

უამინდობის გამო შეფერხდა ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეოპორტში. ავიაკომპანია “ვიზეარის” თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან მოფრინავდა, იძულებული გახდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულიყო. ქუთაისის ნაცვლად თბილისიდან გაფრინდა ბერლინის რეისიც. იმის გამო, რომ ქარიანი ამინდი იმერეთში დღესაც შენარჩუნდა, ქუთაისი-მემინგემის რეისი დღეის ნაცვლად, ხვალ განხორციელდება.

იმერეთის გარდა უამინდობის გამო ზიანი მიადგა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტსაც.  ზუგდიდის რამდენიმე სოფელში დაზიანდა ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. ქარმა პრობლემები გამოიწვია ხობშიც, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. კორპუსების სახურავები დაზიანდა ფოთშიც.

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში რამდენიმე ხე მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში რამდენიმე ხე მოგლიჯა 21.11.16 ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცა.

სამეგრელოსა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს უამინდობის გამო ელექტრომომარაგება შეუწყდა. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” ამბობებენ, რთული მდგომაროებაა ქუთაისში, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის რაიონებში ასევე, ზუგდიდსა და სენაკშიც. როგორც, კომპანიაში აცხადებენ, ტექნიკური სამუშაოები, უამინდობის მიუხედავად, ყველა მუნიციპალიტეტში გრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი დღეს საღამომდე შენარჩუნდება. ქუთაისში ქარის სიჩქარემ დღის განმავლობაში შესაძლოა 32მ/წმ-ს მიაღწიოს. 22-23 ნოემბერს კი სინოპტიკოსები ქარის შედარებით შესუსტებას ვარაუდობენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი