ახალი ამბები

“გირჩის” მიმართვა ახალი წლის ღამეს მარიხუანის დათესვის აქციის კანონიერად გამართვის თაობაზე

21 ნოემბერი, 2016 • 2284
“გირჩის” მიმართვა ახალი წლის ღამეს მარიხუანის დათესვის აქციის კანონიერად გამართვის თაობაზე

დღეს, 21 ნოემბერს, “გირჩმა” პარლამენტის, საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფის სახელზე მიმართვა გაავრცელა. ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინა შეთავაზება, თუ რა არის იმისთვის გასაკეთებელი, რათა 31 დეკემბერს დაგეგმილი მარიხუანის დათესვის აქცია კანონის ფარგლებში მოექცეს.

“ახალი პოლიტიკური ცენტრის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “გირჩს” მომზადებული აქვს უმარტივესი კანონპროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:

1) სისხლის სამართლის კოდექსიდან ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო პასუხისმგებლობის გაუქმებას (273-ე მუხლი) და პირადი მოხმარების მიზნით შეზღუდული რაოდენობით მცენარე კანაფის კულტივაციის დაშვებას;

2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული სშუალების, გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენა, შენახვას და მოხმარებისთვის სასჯელს და იძულებით ნარკო-ტესტირების ჩატარების უფლებას აძლევს პოლიციას.

“გირჩი” მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ კანონის საქართველოს ბიუჯეტის კანონონთან ერთად მიღება, რათა პარლამენტმა იმსჯელოს დევნისა და იძულებითი ნარკოტესტირებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემდგომი ბედის შესახებ (საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საგანმანათლებლო პროგრამების თუ ახალი რეგულაციების დანერგვის მიზნით გადამისამართება).

მისი თქმით, მოსახლეობის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციით ეკონომიკური სარგებლის სრული მასშტაბის მისაღებად საჭირო იქნება კანონიერი ბრუნვის სახელმწიფო რეგულირების კონკრეტულ მოდელის შერჩევა, რაც განხილვის და შეთანხმების საგანია. ჯაფარიძის განცხადებით, “გირჩი” მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციებში.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” მიმართვა და საჭირო კანონპროექტების ნუსხა დღესვე გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკობომიკური პოლიტიკის კომიტეტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ხელისუფლება ახალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას არ შეცვლის, პროტესტის ნიშნად, 2016 წლის 31 დეკემბერს “გირჩის” ცენტრალურ ოფისში საჯაროდ დათესავენ მარიხუანას. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 16 ნოემბერს განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი