ახალი ამბები

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე “პატრიოტებიდან” აირჩიეს

21 ნოემბერი, 2016 • 1966
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე “პატრიოტებიდან” აირჩიეს

დღეს, 21 ნოემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ნატო ჩხეიძე აირჩიეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე “ქართული ოცნების” წევრი ვანო ზარდიაშვილი აირჩიეს. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის წარადგენენ მეორე მოადგილედ.

რაც  შეეხება ოპოზიციის კვოტას, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე “ნაციონალურ მოძრაობას” წარდგენილი ჰყავდა ოთარ კახიძე, რომელმაც კენჭისყრისას 4 ხმა მიიღო, ხოლო ნატო ჩხეიძემ- 8 ხმა:

“პროფესიული ან რაიმე სხვაგვარი ნიშნით არ გაკეთებულა ეს არჩევანი. ეს არჩევანი გაკეთდა პოლიტიკურად, რადგან   “ქართული ოცნება” აქტიურად თანამშღომლობს “პატრიოტთა ალიანსთან,” – ამბობს ოთარ კახიძე.

ოთარ კახიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შემდეგ საკითხებზე მუშაობას აპირებს:

“დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც არასამთავრობო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა; ფარული მოსმენების შესახებ კანონის დახვეწას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას; ასევე, პროკურატურის დაბალანსებას; მოწმის დაკითხვის წესის სრულად ამოქმედებას; ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედებას და ამაზე მუშაობას. პრიორიტეტების ჩამონათვალი დიდია, რაც ჩვენს პროგრამაშიც არის გათვალისწინებული.”

ნატო ჩხეიძე არ ამბობს, კონკრეტულად რა საკითხები იქნება  მისთვის პირორიტეტული. მისი განცხადებით,  კრიტიკული იქნება ყველა იმ საკითხის მიმართ, რომლებზეც ფიქრობს, რომ კრიტიკული უნდა იყოს:

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შემოდის ყველა საკითხი და ინიციატივა, რაც პარლამენტში ხდება. ამდენად, გითხრათ, რომ ამაზე და ამაზე გავამახვილებ ყურადღებას, ხოლო ამაზე არ გავამახვილებ-მეთქი, ჩემთვის გაუგებარია. ყურადღებას გავამახვილებ ყველა იმ საკითხზე, რაც იქნება იურიდიულ კომიტეტში.”

დღეს, 21 ნოემბერს, პარლამენტის 15 კომიტეტში დებულებას მიიღებენ და თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით,  არსებული 15 კომიტეტიდან 12-ში ოპოზიციის კვოტით “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იქნებიან წარდგენილი, ხოლო 3 კომიტეტში -“პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი