ახალი ამბები

ბაქრაძე აზუსტებს განცხადებას ენმ-ის თბილისში საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის თაობაზე

18 ნოემბერი, 2016 • 1684
ბაქრაძე აზუსტებს განცხადებას ენმ-ის თბილისში საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის თაობაზე

დავით ბაქრაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში საკომიტეტო მუშაობის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა პარტია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში  მონაწილეობას მიიღებს. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე პარტიის ფრაქციას ჯერ არ უმსჯელია.

დღეს დავით ბაქრაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა თბილისში მუშაობის ბოიკოტს წყვეტდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეჩქარებოდა და არაზუსტი განცხადება გააკეთა.

“წინა წლებშიც, როდესაც თბილისის პარლამენტში იმართებოდა კომიტეტების მნიშვნელოვანი სხდომები, ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, ვინაიდან არ გვინდა, ჩვენი არმონაწილეობა გამოიყენონ იმისთვის, რომ სერიოზული საკითხების განხილვისას არ ისმოდეს ოპოზიციის ხმა. ამიტომ, სავარაუდოდ, იმავე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. პოზიცია გვექნება, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს, მაგრამ თუ ქუთაისის გარეთ მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, თბილისში იქნება ეს თუ სხვაგან, ჩვენ ვერ მივცემთ იმის უფლებას უმრავლესობას, რომ ოპოზიციის კომენტარების და კრიტიკის გარეშე გაიტანონ მნიშვნელოვანი თემები. სავარაუდო პოზიცია ეს იქნება, თუმცა დაზუსტებით ფრაქციის სხდომაზე ამ თემაზე ვიმსჯელებთ,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ეს უფრო “დალაგებული პასუხია”.

მერვე მოწვევის პარლამენტმა საკომიტეტო მუშაობა თბილისში 2014 წლიდან განაახლა. ამ დროიდან პარლამენტის კომიტეტის ძირითადი ნაწილი თბილისში, ხოლო ნაწილი ქუთაისში იმართება. თბილისში გამართულ სხდომებს არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. მათი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია და საკომიტეტო სხდომები ამ ქალაქში უნდა იმართებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი