ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს სამ ქალაქში კვირას, 20 ნოემბერს, ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა მოეწყობა

18 ნოემბერი, 2016 • 1202
საქართველოს სამ ქალაქში კვირას, 20 ნოემბერს, ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა მოეწყობა

კვირას, 20 ნოემბერს,  ფეხით მოსიარულეები საყოველთაო მსვლელობას მოაწყობენ. მსვლელობა თბილისში პარლამენტის შენობის წინ, ბათუმში ერას მოედანზე, ქუთაისში კი მერიის შენობის წინ 14 საათზე დაიწყება.

მსვლელობის მოწყობის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციას “იარე ფეხით” ეკუთვნის. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აქცია-მსვლელობა ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნას მიეძღვნება და მისი მიზანია მოუწოდონ თბილისის მერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს, დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეითთა უსაფრთხოებისთვის.

აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნებს შორისაა:

● დაიწყოს ქვეითების, როგორც პირველხარისხოვანი მოქალაქეების, აღიარება და ფეხით სიარულისთვის ელემენტარული პირობების შექმნა
● აიკრძალოს ტროტუარზე პარკირება არა მხოლოდ ტროტუარზე დახაზული ადგილების წაშლით, არამედ რეალურად აღიკვეთოს პარკირება მოქმედი კანონების მკაცრი აღსრულებით
● გაიზარდოს სასჯელი უკანონო პარკირებისთვის და მკაცრი აღსრულება მოჰყვეს პარკირების წესის დარღვევას (მათ შორის ტროტუარებზე, ზებრა გადასასვლელებზე და პანდუსებზე)
● მოხდეს ზებრა გადასასვლელებზე ქვეითთა უსაფრთხოების დაცვა კანონის მკაცრი აღსრულებით
● ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ, საკითხთა პირველ ნუსხაში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მოგვაწოდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში – 11%ით. 2015 წელს ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა 34% ქვეითად მოსიარულე იყო.

იხილეთ ნეტგაზეთის სტატია ამავე თემაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი