ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვერ შევეგუები სახელმწიფო ინსტიტუტების შელახვის ჩანაფიქრსაც კი

18 ნოემბერი, 2016 • 1154
პრეზიდენტი: ვერ შევეგუები სახელმწიფო ინსტიტუტების შელახვის ჩანაფიქრსაც კი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტს მიმართავს და პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას; თუმცა სახელწმიფო სტრუქტურების ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.

„შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, რომ დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას – ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, სრულად უნდა ამუშავდეს ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები, შეიქმნას დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის.

“ამასთან ერთად, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩემი საპრეზიდენტო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინსტიტუციების და მათ შორის – საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, სამწუხაროდ, ეს იყო ის აუცილებლობა, რომელიც ჩემი გუნდისა და ჩემ წინაშე დადგა.

მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე ნაკლები დრო და ენერგია რომ დახარჯულიყო, პრეზიდენტის და სხვა უწყებათა რესურსი უკეთ მოხმარდებოდა როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალის ინტერესების.

ამიტომ, ერთი მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი; მეორე მხრივ კი, მოგახსენებთ, რომ გამოვთქვამ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი