ახალი ამბები

გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა გაუუქმეს

18 ნოემბერი, 2016 • 2321
გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა გაუუქმეს

რუსეთ-სომხეთის მაგისტრალური გაზსადენის აფეთქების მცდელობის (ე.წ ტერაქტის) საქმეზე დაკავებულ ორ ადამიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

ერთ-ერთი მათგანი, პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, ხოლო მეორე – ირაკლი ბაღიშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მამფორიას გირაოს სახით 5 000 ლარის გადახდა შეუფარდეს, ბაღიშვილს კი – 4 000. მათ ბრალად არ ედებათ უშუალოდ ტერაქტის მომზადება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 20 აგვისტოს დააკავა 7 ადამიანი გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით. 5 მათგანი დაკავებულია ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებისთვის.

სუს-ის ცნობით, ჯგუფი სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას აპირებდა. სუს-ის ინფორმაციითვე, ამ მიზნის განსახორციელებლად 20 აგვისტოს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად. “სამალავიდან მათ ამოიღეს 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. “ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დააკავეს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ,”- წერია სუს-ის მიერ 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

2016 წლის 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატმრობა შეუფარდა. 5 მათგანი კვლავ პატიმრობაშია. მომდევნო სასამართლო სხდომა გაიმართება 30 ნოემბერს, 12 საათზე. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განიხილავს.
წაიკითხეთ საქმის ამ დრომდე ცნობილი დეტალების შესახებ “ნეტგაზეთზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი