ახალი ამბები

ზვარეში დაზარალებულების თქმით, კომპანიისგან კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ

17 ნოემბერი, 2016 • 1856
ზვარეში დაზარალებულების თქმით, კომპანიისგან კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ

სოფელ ზვარესთან გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზარალებულების თქმით, დაპირების მიუხედავად, კომპანიას მათი სამედიცინო ხარჯები ჯერ კიდევ არ აუნაზღაურებია.

შეთანხმება, რომელსაც წინ 7-დღიანი პროტესტი უძღოდა, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის 9 ნოემბერს შედგა:

“არანაირი დახმარება არ გაგვიწიეს. დანარჩენი დაზარალებულებიც თავიანთი ხარჯებით მკურნალობენ”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ბეჟან სარალიძე.

დავით ახალაური, რომელიც დაზარალებულების უფლებებს იცავს, არ გამორიცხავს, რომ კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართონ. როგორც ადვოკატი ამბობს, ამ დრომდე კომპანიას არ გამოუხატავს სურვილი, რომ რაიმე სახით დახმარება გაეწია დაზარალებულებისთვის.

“იყო ასეთი დაპირება, რომ მოხდებდა კომპენსაციების გაცემა, თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა. სახეზეა მორალური ზიანი, სახეზეა ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი. არსებობს კომპენსაციის მოთხოვნის საფუძვლები სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო. ისინი საკუთარი მიზეზების დამოუკიდებლად ვეღარ გამოცხადდებიან სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, სარჩელით მივმართოთ სასამართლოს,” – ამბობს ადვოკატი.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფსა” და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობას საქართველოს “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” იღებდა. როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მუშების ერთ-ერთი მოთხოვნა მართლაც იყო დაზარალებულებისთვის კომპანიის მიერ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება, რის შესრულებაზეც “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” პასუხისმგებლობა აიღო. თუმცა პროფკავშირები ამ დრომდე არ ფლობენ ინფორმაციას, შეასრულა თუ არა ეს ვალდებულება დამსაქმებელმა. როგორც ვიტალი გიორგაძე ამბობს, ორგანიზაციისთვის ამ საკითზე არც ერთ დასაქმებულს არ მიუმართავს.

“რადგან ამ შეთანხმების მიღწევიდან ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, ამჟამად ველოდებით, რომ ყველა მოთხოვნა შესრულდეს,” – ამბობს გიორგაძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” საკუთარი იურიდიული სამსახურის დახმარებით, თუ საჭირო იქნება, სასამართლოშიც დაიცავს დასაქმებულების უფლებებს.

მუშების პროტესტი 3 ნოემბერს დაიწყო, როცა ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ არმატურით, დანით, ხის ჯოხებითა და ხორცის საკეპი ნაჯახებით სცემეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა, რომლებსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”. თავდაპირველად  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე” მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).

სამშენებლო სამუშაოები ზვარეში შვიდი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. როგორც დასაქმებულები ამბობდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ კომპანიის მენეჯმენტის ცვლილება იყო.

ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა  15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი