ახალი ამბები

გადარბენა ზებრაზე [ვიდეო]

18 ნოემბერი, 2016 • 2732
გადარბენა ზებრაზე [ვიდეო]

ქვეითებს მათთვის განკუთვნილ ზებრა გადასასვლელებზე მაინც გადარბენა ან მანქანებისთვის გზის დათმობა უწევთ, რადგან ავტომობილების მძღოლები კანონს არღვევენ და მათ გზას არ უთმობენ. ამას გარდა, თბილისის ქუჩების დიდ ნაწილში ქვეითებისთვის შეუძლებელია ტროტუარით სარგებლობა, რადგან მძღოლები ავტომანქანების პარკირებისთვის იყენებენ.

ეს ვიდეომასალა “ნეტგაზეთმა” თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 16 ნოემბერს გადაიღო, სადაც რამდენიმე ზებრა გადასასვლელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მძღოლები არ იცავენ კანონს და არ უთმობენ ქვეითებს გზას:

კანონი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, ზებრა გადასასვლელებზე გზის დათმობა და მხოლოდ იმ ადგილას მანქანის გაჩერება, სადაც ეს ნებადართულია, მძღოლების ვალდებულებაა. მაგალითად, გზის არდათმობა ზებრა გადასასვლელზე 20 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება, ხოლო შეუსაბამო ადგილას, მაგალითად, ტროტუარზე, მანქანის გაჩერება 10 ლარით ჯარიმდება.

და როგორ სრულდება ის?

ადამიანების ჯგუფს, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, მიაჩნია, რომ კანონი, რომელიც მძღოლებს ავალდებულებს ქვეითებისთვის გადასასვლელებზე გზის დათმობას, არ მუშაობს.

მანანა აბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მანქანები ძალიან იშვიათად უთმობენ გზას ზებრა გადასასვლელთან:

“მძღოლები ძალიან აგრესიული არიან, არ უყვართ, გზას რომ უთმობენ. საცობები, ანუ ის, რაც აფერხებთ, არ უყვართ. უნდათ, რომ გამუდმებით იარონ”.

თათია თამლიანი, “ნეტგაზეთის” კიდევ ერთი რესპონდენტი, ამბობს, რომ ცალმხრივი მოძრაობაც რომ იყოს გზაზე, მეორე მხარესაც იყურება ქუჩის გადაკვეთის დროს, რადგან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. თამლიანის თქმით, იმ გადასასვლელებზეც კი, სადაც მოძრაობას შუქნიშანი არეგულირებს, მანქანები წითელ შუქზეც აგრძელებენ გადაადგილებას.

ანა გოგოხია კი, განსხვავებით წინა რესპონდენტებისგან, ამბობს, რომ მას გზას ხშირად უთმობენ და მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მძღოლებმა უფრო მეტად ისწავლეს გზის დათმობა, ვიდრე წინა წლებში.

 

შსს-ს მიერ გავრცელებულ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, რომელიც ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მოგვაწოდა, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში – 11%ით.

JumpStart Georgia-ს მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაზე ასახულია, შსს-ს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა 34% ქვეითად მოსიარულე იყო.

ფრთხილად, ქვეითებო, საქართველოში!
feradi.info

იარე ფეხით

20 ნოემბერს ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღის აღნიშვნას   “იარე ფეხით” და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები აქცია-მსვლელობის მოწყობით გეგმავენ, სადაც ქვეითებისთვის უსაფრთხო სივრცეს მოითხოვენ.

ელენე მარგველაშვილი ამბობს, რომ აქციის და, ზოგადად, მათი მოძრაობის მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება ქალაქის დაგეგმვის პროცესში და ქვეითები პირველხარისხოვან მოქალაქეებად აღიარონ.

“ის, რომ თბილისის მერი მიდის და საზოგადოებრივი სივრცის ნაცვლად ხსნის “ვენდისის” უდიდეს რესტორანს საბურთალოზე, რომელიც იყო საზოგადეობრივი სკვერი, სადაც იყო ტროტუარი, ადამიანები სარგებლობდნენ ამ ადგილით, ასეთი ტიპის დამოკიდებულებების შეცვლას მოვითხოვთ”, – ამბობს ელენე მარგველაშვილი.

მისი თქმით, თბილისის მოსახლეობის ორი მესამედი არ ფლობს მანქანას თბილისში, შესაბამისად, თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან იმის ვარაუდი, რომ არაპოპულარული იქნება ფეხით მოსიარულეების სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯები, არის ილუზია.

“არსებობს დაგეგმარების პრობლემა, თბილისი არ იგეგმება ადამიანური მასშტაბის გათვალისწინებით. მეორე არის მართვის პრობლემა – აღსრულების პრობლემა. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ მილიონობით ლარი, რომელიც იხარჯება ადამიანების უაზრო ჩხრეკაზე, ქუჩებში ნარკოტესტირებაზე, შეიძლება გადანაწილდეს და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, მათ შორის ქვეითების, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ და გადარბიან ქუჩებზე”, – ამბობს მარგველაშვილი. 

ელენე მარგველაშვილი იხსენებს, რომ თბილისის მერიის დაპირებით 2016 წლის სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო ტროტუარებზე პარკირება, თუმცა მას ეს შეზღუდვა მაინც არ მიაჩნია ეფექტურად. ის ამბობს, რომ დაპირებების მიუხედავად არ იდგმება ნაბიჯები, რომლებიც ამ დაპირებებს განხორციელებამდე მიიყვანს.
კარკირების წესების დარღვევა თბილისში

ეს თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ სხვადასხვა დროს გაცემული დაპირებებია:

[checklist]

  • 2014 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებამდე მერობის კანდიდატი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ მისი მერობის პერიოდში ქვეითად მოსიარულეებისთვის ბილიკები მოწესრიგდებოდა, ტროტუარები ეტაპობრივად გათავისუფლდებოდა ავტომობილებისგან, მათ შორის უსინათლოებისათვის, შუქნიშნები მოწესრიგდებოდა.
  • 2015 წლის 4 თებერვალს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  განაცხადა, რომ იმ ტროტუარებზე, რომელთა სიგანე 3 მეტრზე ნაკლებია, ავტომობილების გაჩერება აიკრძალება. მერის ინფორმაციით, ასეთი 210 ტროტუარი იქნება. 
  • მერიის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრიდან ტროტუარებზე მანქანების გაჩერება უნდა აკრძალულიყო.
  • მერიამ ასევე განაცხადა, რომ ავტოსადგომების ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებდა.

“ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა შეკითხვებით, თუ როდის დაიწყება მრავალდონიანი ავსტოსადგომრების მშენებლობა და რა ეტაპეა “სითი პარკთან” მოლაპარაკებების პროცესი, ასევე, როდის შემოვა სხვა კომპანია, რომელსაც “სითი პარკის” მსგავსად ექნება ავტოსადგომების მოწყობის უფლება. მერიამ სტატიის მომზადების პერიოდში კითხვებზე პასუხის არ გაგვცა.

თბილისში ავტოსადგომების მოწყობის უფლება ექსკლუზიურად აქვს კომპანია “სითი პარკს”, 2007 წელს მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედებს 2022 წლამდე. თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულების მოშლა თბილისის მერიას, სავარაუდოდ, 25 მილიონი ლარი დაუჯდებათბილისის საკრებულოს წევრების ნაწილი, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი მოითხოვენ სითი პარკთან ხელშეკრულების გაუქმებას და ამ თანხის ასახვას უკვე 2017 წლის ბიუჯეტში, თუმცა ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა, ეს მუხლი გათვალისწინებული არ არის.

მერმა 2015 წლის 15 მაისს განაცხადა, რომ პარკირების უფლება მხოლოდ ერთ კომპანიას არ ექნება. ამის გარდა, თბილისის მერიას კომპანიასთან 4 მოთხოვნა ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ტროტუარებზე პარკირება უნდა შეზღუდულიყო, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ორგანიზაცია “იარე ფეხით” მოითხოვს, რომ პოლიცია უნდა აჯარიმებდეს კანონის დამრღვევ მძღოლებს, ხოლო არსებული ჯარიმები უნდა გაიზარდოს.

“ნეტგაზეთმა” შსს-ს მიმართა, რათა მოეწოდებინა სტატისტიკური ინფორმაცია, რამდენი მძღოლი დააჯარიმეს გასულ წელს ზებრა გადასასვლელზე გზის არდათმობისა და შეუსაბამო ადგილას მანქანის გაჩერებისთვის, თუმცა უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამისთვის წერილობით უნდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია.

მსგავსი სტატისტიკა 2014 წელსაც გამოითხოვა “ნეტაზეთმა”, თუმცა მაშინ შსს-მ გვიპასუხა, რომ უწყება ზებრა გადასასვლელზე გავლის წესების დამრღვევი მძღოლების დაჯარიმების შემთხვევებს არ აღრიცხავს.

მძღოლები ზებრა გადასასვლელებზე
feradi.info

2014 წლის 3 დეკემბერს ეტლით მოსარგებლე მოქალაქემ გამოიძახა პატრული იმის გამო, რომ პანდუსთან გაჩერებული მანქანა გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა.

“იარე ფეხით” მოითხოვს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პირველივე სხდომებზე განიხილოს ჯერ კიდევ 2015 წელს დარეგისტრირებული კანონპროექტი პარლამენტში, რომლის მიხედვითაც შემოიღებენ უკონტაქტო პატრულირებას და დაწესდება 100 ქულიანი სისტემა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ მძღოლმა იმდენი წესი დაარღვია, რომ 100 საჯარიმო ქულას დახარჯავს, მას მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. ამ კანონპროექტს მაშინ სამოქალაქო სექტორის ნაწილში მოწინააღმდეგებიც ჰყავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი