ახალი ამბები

აქვს თუ არა ადგილი რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას

26 აგვისტო, 2012 • • 1094
აქვს თუ არა ადგილი რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას

“სურსათი მხოლოდ და მხოლოდ მათ მიიღეს, ვინც დაზარალდა და სტიქიის ზონაში ცხოვრობენ. მათ გადაეცათ ეს ერთჯერადი დახმარება და ასეთი რუსთავში სულ 5 კორპუსია. აქვე მინდა გითხრათ, რომ რუსთავში 8 და 9– სართულიანი არის 186 კორპუსი მთლიანად და მხოლოდ ამ დასახლებისთვის, მხოლოდ 5 კორპუსისთვის, სადაც უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრი იყო და სახურავი გადახადა შენობებს, ფანჯრები, კომუნიკაციები დაუზიანდათ და სარდაფებში შეუვარდათ წყალი, მათთვის გამოყოფილ იქნა ერთჯერადი სასურსათო დახმარება და დაურიგდათ”, – განაცხადა გუბერნატორმა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო9″–მ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ურიგდებათ რუსთავის მეშვიდე “ა” მიკრორაიონის მოსახლეობას გვიან საღამოს სასურსათო პროდუქტები: კარტოფილი, ზეთი და ფქვილი. სააგენტოს ცნობით, ეს წინსაარჩევნო “საჩუქარია” რუსთაველებისთვის.

“თითქოს ის, რომ ჩვენ ამ სურსათს ვარიგებთ, როგორც წინასაარჩევნო საჩუქარს, ეს იქაური მოსახლეობის განცხადება კი არ არის, არამედ “მეცხრე არხის” მიერ მიყვანილი ქართული ოცნების რამდენიმე წევრის განცხადებაა. მათ, სამწუხაროდ, ვერ შეამჩნიეს, რომ სახურავი კეთდება, ფანჯრები იცვლება და მეტსაც გეტყვით, რამდენიმე მანქანა, რომელიც დაზიანდა, მათთვისაც არის კომპენსაცია გამოყოფილი და არ დავეხმაროთ მოსახლეობას, თუ როგორ მოვიქცეთ?” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე.

მისი ვარაუდით დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება სურსათის დარიგების პროცესი:

“იქვე არის აღებული შენობა–საწყობი, სადაც, ბუნებრივია, როდესაც სულ წაიღებს მოსახლეობა, დამთავრდება დარიგების პროცესიც. ეს დაიწყო გუშინ დილით და ჩემი ვარაუდით დღეს, დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ღამით კი არ დაუწყიათ დარიგება, როგორც ეგ კადრებში ჩანს, დილიდან დაიწყეს დარიგება”, – ამბობს კირკიტაძე.

რუსთავში 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად 6 საცხოვრებელი სახლი დარჩა სახურავის გარეშე, ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა.

ორი თვის წინ კი რუსთავის მერიამ ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ, სოციალურად დაუცველ 420 ოჯახს  კარტოფილი დაურიგა საჩუქრად. მაშინ მერიაში განმარტეს, რომ 24 250 კგ კარტოფილი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიიღეს საქველმოქმედო აქციისთვის.

 

ამ საკითხის შესწავლის შემდეგ უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის რეკომენდაცია მისცა ფინანსთა სამინისტროს, წინასაარჩევნო პერიოდში შეეჩერებინა სამინისტროს მიერ ჩამორთმეული უკანონო ქონების სოციალური მიზნებისთვის განკარგვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი