ახალი ამბები

18 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა აქციის ფონზე გაიმართება

18 ნოემბერი, 2016 • 1143
18 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა აქციის ფონზე გაიმართება
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, სხდომას პრეზიდენტი გახსნის.
სხდომა 12 საათზე დაიწყება. მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე აქტივისტების ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი და პროფესიული კავშირი პარლამენტის შენობასთან აქციას „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ გამართავს.

აქცია მოუწოდებს პარლამენტარებს, რეალურად დაიწყონ საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები:

1. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა
2. დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები
3. მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა
4. კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება
5. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება

საქართველოს პრეზიდენტმა 17 ნოემბერს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 2016 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურები შედგა. ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გუშინ, 16 ნოემბერს დაამტკიცა. საქართველოს ახალ პარლამენტში ქართული ოცნება 115 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ენმ – 27, პატრიოტთა ალიანსი – 6. ამას გარდა, ერთი დეპუტატი ჰყავს “მრეწველებს” და ერთიც დამოუკიდებელი მაჟორიტარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი