ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პატრიოტთა ალიანსის სარჩელი წარმოებაში მიიღო

16 ნოემბერი, 2016 • 1440
საკონსტიტუციო სასამართლომ პატრიოტთა ალიანსის სარჩელი წარმოებაში მიიღო

დღეს, 16 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ.

ნორმა, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსი” ასაჩივრებს, აწესრიგებს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გადაუნაწილებლად მიიჩნევა მანდატები, რომლებიც რჩება 77 მანდატის პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გაყოფისა და მცირემანდატიანი პოლიტიკური სუბიექტებისათვის მანდატების რაოდენობის ექვსამდე შევსების შემდეგ. სადავო წესის თანახმად, გადაუნაწილებელი მანდატები რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

“პატრიოტთა ალიანსი” აცხდებს, რომ თუკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ეს მანდატები კონსტიტუციურად გადანაწილდებოდა, პარლამენტში 6-ის ნაცვლად 10 დეპუტატით შევიდოდნენ.

14 ნოემბერს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდა, პარლამენტის პირველ შეკრებამდე განეხილა “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი.

“პატრიოტთა ალიანსმა” ამ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქალაქო სასამართლოშიც უჩივლა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ცესკოს მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმადაც, პატრიოტთა ალიანსს 6 მანდატი ეკუთვნის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი