ახალი ამბები

საჰაერო თავდაცვის მაღალჩინოსნები თანამდებობებს დროებით ტოვებენ

16 ნოემბერი, 2016 • 1495
საჰაერო თავდაცვის მაღალჩინოსნები თანამდებობებს დროებით ტოვებენ

საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლი სერგო ნინუა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსი გიორგი ცაბაძე თანამდებობიდან დროებით გადადგნენ. ამის შესახებ მათ დღეს, 16 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, მათ წინააღმდეგ დაწყებული მიზანმიმართული კამპანიისა და მედიაში გავრცელებული ბრალდებების გამო თანამდებობის დროებით დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

“მოვითხოვთ, რომ დაკითხული იქნას ყველა ის პირი, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებენ, ამასთანავე, ნათელი მოეფინება იმ საკითხებს, რაც ჩვენს წინააღმდეგაა გამოთქმული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციასა და საჰაერო სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ, დავბრუნდეთ დაკავებულ თანამდებობებზე და გავაგრძელოთ ის რეფორმები, რაც დაგეგმილია. თუ დადგინდება, რომ ესაა ჩვენი გადაცდომა, ჩვენ მზად ვართ, რომ პასუხი ვაგოთ”,- აცხადებენ ისინი.

სერგო ნინუას, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ასევე, საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსის პოსტზე დანიშნულ გიორგი ცაბაძეს ბრალს სდებენ იმაში, რომ 2012 წელს ენმ-ის ეგიდით პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეობნენ. ამასთან, არ გააჩნიათ აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად საკმარისი კვალიფიკაცია. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ საკითხთან დაკავშირებით უწყების გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი