ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: რუსეთის გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას აგვისტოს ომის გამოძიებაზე

16 ნოემბერი, 2016 • 1469
იუსტიციის სამინისტრო: რუსეთის გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას აგვისტოს ომის გამოძიებაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, არ გახდეს რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი, გავლენას ვერ მოახდენს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე.

დღეს, 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, რუსეთმა რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა. რუსეთი სასამართლოს წევრი არ ყოფილა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო სასამართლოს წევრი არც გახდეს.

“ეს ამ საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი არც იყო და ვერც გახდება, ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის მხარე და, შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება 2008 წლის ომის დროს საქართველოში სავარაუდოდ მომხდარ სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასასამართლო პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოიცავს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხსაც. ამდენად, რუსეთის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის და ის ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს იმ გამოძიებაზე, – ერთადერთი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვის არ სურს სიმართლის დადგენა 2008 წლის ომის საქმეზე,”- აღნიშნულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ICC-ის პროკურორმა საქართველოში  წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დანაშაულებათა გამოძიება ICC-ის იურისდიციის ფარგლებში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ICC-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის ოქტომბერში მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების გაგრძელების ნებართვით.  წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების საფუძველზე მოსამართლეებმა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვა 2016 წლის 27 იანვარს მისცეს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ის (ICC) რომის წესდების საფუძველზე მოქმედებს. რომის წესდება ძალაში  2002 წლის 1 ივლისს 60 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ შევიდა. საქართველო წესდებას 2003 წელს მიუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან. რაც შეეხება რუსეთს, ის წევრი სახელმწიფო არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი