10680

17 ნოემბერს რუსეთი არქივში დაცული ფილმების პირველ ნაწილს საქართველოს გადასცემს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“ „გოსფილმოფონდში“ დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება.

პირველ ეტაპზე ქართულ მხარეს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადაეცემა- ლეო ესაკიას “ჰოლტზე” და „ამერიკანკა“, ასევე, ნუცა ღოღობერიძის “ნუცა” და მიხეილ ჭიაურელი “უკანასკენლი საათი”.

2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის, „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდმა, „გოსფილმოფონდმა“, საქართველოს უნდა გადასცეს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმები.

კინოცენტრის განცხადებით, „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „გოსფილმოფონდის“ გენერალურ დირექტორთან, ნიკოლაი ბოროდაჩევთან ერთად უმასპინძლებს.

რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო. სამინისტრო ფილმსაცავის მშენებლობას გეგმავს, რადგან ფირების შესანახად და მათ შესანარჩუნებლად სპეციალური პირობების შექნაა საჭირო.

კადრები ქართული ფილმებიდან.

კადრები ქართული ფილმებიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი