ახალი ამბები

რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა

16 ნოემბერი, 2016 • 2150
რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა. ის სასამართლოს წევრი არც ყოფილა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო სასამართლოს წევრი არც გახდეს. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ოფიციალურად აცნობოს. განკარგულება ძალაშია ხელისმოწერისთანავე.

2016 წლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთმა შესაძლოა გადახედოს მის დამოკიებულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ, ზახაროვამ იმედგაცრუება გამოხატა სასამართლოს მიერ “ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთის სამხედროების მიმართ დაწყებული გამოძიების გამო”.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ICC-ის პროკურორმა საქართველოში  წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დანაშაულებათა გამოძიება ICC-ის იურისდიციის ფარგლებში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ICC-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის ოქტომბერში მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების გაგრძელების ნებართვით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ის (ICC) რომის წესდების საფუძველზე მოქმედებს. რომის წესდება ძალაში  2002 წლის 1 ივლისს 60 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ შევიდა. საქართველო წესდებას 2003 წელს მიუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან. რაც შეეხება რუსეთს, ის წევრი სახელმწიფო არ არის.

ICC პირველი, საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული საერთაშორისო სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლოა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე სერიოზულ დანაშაულებებში დამრღვევების დაუსჯელობასთან ბრძოლის მიზნით დაარსდა. სასამართლო ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი