ახალი ამბები

TI: მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკას მოსახლეობა არაეფექტურად მიიჩნევს

16 ნოემბერი, 2016 • 2433
TI: მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკას მოსახლეობა არაეფექტურად მიიჩნევს

16 ნოემბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2016 წლის “კორუფციის გლობალური ბარომეტრის” კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიხედვითაც საქართველოში წვრილმანი კორუფციის დონე კვლავ დაბალია, თუმცა მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკას მოსახლეობა არაეფექტურად მიიჩნევს.

TI-ის კვლევის თანახმად, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12% ასახელებს. კვლევის მიხედვით, საქართველო ერთ–ერთი ანტიკორუფციული ქვეყანაა ევროპაში, ხოლო ყველაზე კორუფციულ ქვეყნებად რუსეთი, უკრაინა და მოლდოვა სახელდება.

კვლევის თანახმად, კორუფციის სიმცირით საქართველო კვლევის ფარგლებში შესწავლილი 42 ქვეყნიდან მე–4 ადგილს იკავებს გერმანიის (2%), შვედეთის (6%) და შვეიცარიის (10%) შემდეგ. საქართველოს შემდეგ ამ სიაში ბელორუსი (14%) და პოლონეთი (15%) მოდიან. შედარებისთვის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამავე კითხვაზე მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: აზერბაიჯანში გამოკითხულთა 21% კორუფციას ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის ასახელებს, თურქეთში – 22%, სომხეთში – 37%, რუსეთში – 39%. რეგიონის ქვეყნებიდან ასევე აღსანიშნავია უკრაინა (56%) და მოლდოვა (56%).

კვლევის მიხედვით, მთლიან მოსახლეობაში მათი წილი, ვისაც ბოლო 12 თვის მანძილზე ქრთამის გადახდა მოუწია, საქართველოში 4%–ია. ამ მხრივ ევროპაში ყველაზე დადებითი მაჩვენებელი პორტუგალიას, კვიპროსსა და ესპანეთს აქვთ, ხოლო უარყოფითი – სომხეთს, მოლდოვას, უკრაინასა და რუსეთს.

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს, აქვთ თუ არა მდიდრებს გადამეტებული გავლენა მთავრობაზე. მოსაზრებას, რომ მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე პირადი ინტერესებისთვის და ამგვარი ქცევის პრევენციისთვის უფრო მკაცრი წესებია საჭირო, საქართველოში გამოკითხულთა 48% ეთანხმება. მდიდრების გადამეტებული გავლენა დიდ პრობლემად გამოკითხულთა 29%–ს მიაჩნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, ერეკლე ურუშაძის განცხადებით, ასევე საყურადღებოა მოსახლეობის განწყობა ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება, ხოლო 26% ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ ამოცანას თავს საკმაოდ კარგად ან ძალიან კარგად ართმევს.

კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე ეფექტური რამ, რაც რიგითმა მოქალაქემ შეიძლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მხრივ გააკეთოს, 30% პასუხობს, რომ “არაფერი”, 24%–ს კი საერთოდ არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სოციალურად მისაღებია კორუფციის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდება, 29% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რაც ერეკლე ურუშაძის თქმით, ასევე დამაფიქრებელი  მაჩვენებელია. მისი განცხადებით, საერთო ჯამში, ამგვარი შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, TI-მ ოთხი რეკომენდაცია მოამზადა, რომელთა განხორციელება კვლევაში განხილულ ქვეყნებში ხელს შეუწყობს კორუფციის შემცირებას და მოქალაქეთა უფრო აქტიურ მონაწილეობას კორუფციასთან ბრძოლაში:

  • ლობირების სფეროში გამჭვირვალე წესებისა და ლობისტების საჯარო რეესტრების შექმნა, რათა მოქალაქეებს უკეთ შეეძლოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლი.
  • სასამართლო ხელისუფლების დამოკიდებულების უზრუნველყოფა (განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში და დსთ–ს წევრ სახელმწიფოებში), რაც გულისხმობს სასამართლოსა და პროკურატურაზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის შემცირებას, ასევე, მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის, სხვა თანამდებობებზე გადაყვანისა და თანამდებობიდან დათხოვნის გამჭვირვალე და ობიექტური სისტემის შექმნას.
  • მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება.
  • მამხილებელთა და კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება.

საქართველოში კორუფციასთან ეფექტურად ბრძოლისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებით და რესურსებით აღიჭურვება და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

როგორც ერეკლე ურუშაძე ამბობს, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება TI-ის მომზადებული აქვს, თუმცა პარლამენტს ჯერ არ განუხილავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტური ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.

TI-ის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ “კორუფციის გლობალური ბარომეტრი” საზოგადოებრივი აზრის ყველაზე ფართო კვლევაა, რომელიც კოფურციის მხრივ მოქალაქეთა გამოცდილებას ეხება და 2002 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ეს კვლევა მეცხრედ გამოქვეყნდა. მისი თქმით, 2016 წლის რეგიონული კვლევის ფარგლებში ევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყნის 60 ათასამდე მოქალაქე გამოიკითხა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილების, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტში კორუფციის დონისა და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი