ახალი ამბები

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა

16 ნოემბერი, 2016 • 2354
ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა

დღეს, 16 ნოემბერს ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. ოქმი გამოსაქვეყნებლად საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დღესვე გაეგზავნება.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრებად არჩეულნი არიან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 115 დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 27 დეპუტატი, ხოლო “პატრიოტთა ალიანსიდან” 6 დეპუტატი, “თოფაძე – მრეწველებიდან” – 1 დეპუტატი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი დეპუტატი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო  3 513 884. ბათილად იქნა ცნობილი და განეორებითი კენჭისყრა არ ჩატარებულია 10 უბანზე.  პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში  მონაწილეთა რაოდენობა იყო 1 825 054.

საარჩევნო სუბიექტები, ვინც გადალახა ბარიერი, არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- 477 053 ხმა, დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია- 88 097 ხმა, და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”- 855 638 ხმა.

ცესკოში სხდომაზე, სადაც ეს შედგები გამოქვეყნდა, კომისიის ორმა წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და “ბურჯანაძე – დემოკრატებდან” საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა.

“სამართლიანად ეს არჩევნები არ შეფასებულა. შეფასებები იყო იმგვარი, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდობიან გარემოში, თუმცა იგივე საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში მითითებულია, რომ იყო უამრავი უზუსტობები და დარღვევები. ჩვენც მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიანად თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს მასობრივად უზუსტო ოქმები, შესაბამისად, ამ ოქმების საფუძველზე ვერავინ დაადგენს, ეს შედეგები იყო თუ არა ადეკვატური ხალხის ნებისა,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ცესკოს წევრმა “ბურჯანაძე – დემოკრატებიდან” ირაკლი ჭყოიძემ.

ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია კი აცხადებს, რომ არჩვნებმა წარმატებულად ჩაიარა:

“საერთო ჯამში, კომისიური შეფასება იყო ერთიანი. ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ თითოეული ნიუანსი, თითოეული ხარვეზი, რომელიც არსებობდა, მაქსიმლურად დეტალურად გავიაროთ და განვიხილოთ. ამ პრობლემების და პროცესების კარგად შეფასებით შევძლებთ, რომ შემდგომი პროცესები უფრო უკეთესი იყოს. ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მე, როგორც თავმჯდომარეს, ძალიან ბევრი დამკვირვებლის შეფასება მიმიღია და მომისმენია, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები გვილოცავენ მთელ ქვეყანას წარმატებული არჩევნების ჩატარებას,”- განაცხადა ჟვანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი