ახალი ამბები

ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება

16 ნოემბერი, 2016 • 1524
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 16 ნოემბერს, 13:00 საათზე ჩანიშნულია სხდომა, სადაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა შეაჯამონ.

პრეზიდენტის ადმინისტაციის განცხადების თანახმად, 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შესახებ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო, როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, ჯერ უცნობია.

“მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დეპუტატებისგან  არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო  არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი  შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა − მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი