ახალი ამბები

ონლაინ მედიამონიტორინგი: ნეიტრალური და ტენდენციური საარჩევნო გაშუქების მაგალითები

15 ნოემბერი, 2016 • 3517
ონლაინ მედიამონიტორინგი: ნეიტრალური და ტენდენციური საარჩევნო გაშუქების მაგალითები

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” (CDI) მიერ საარჩევნო პერიოდში 19 ინტერნეტგამოცემის მონიტორინგი აჩვენებს, რომ ონლაინმედიაში იმატა ნეიტრალურმა ტონმა, საპარლამენტო არჩევნები აქტიურად და შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქდა, თუმცა პრობლემად რჩება სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა.

CDI-ის მედიამონიტორები 2016 წლის 25 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ 19 ონლაინგამოცემას, ესენი იყო: “ოლნიუზი” (allnews.ge), “ამბები” (ambebi.ge), “დრონი” (droni.ge), “ეტანიუზი” (etanews.ge), “ინფო9” (info9.ge), “ინტერპრესნიუზი” (interpessnews.ge), “მარშალპრესი” (marshalpress.ge), “ნეტგაზეთი” (netgazeti.ge), “ნიუპოსტი” (newposts.ge), “ნიუზ.ჯი” (news.ge), “პალიტრა ტვ” (palitratv.ge), “პირველი” (pirveli.com.ge), “პრესა.ჯი” (presa.ge), “რეპორტიორი” (reportiori.ge), “ტაბულა” (tabula.ge), “სივილ.ჯი” (civil.ge) და “დი ეფ უოჩი” (dfwatch.net).

როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ისევე, როგორც მაუწყებლების შემთხვევაში, ონლაინმედიაში პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე აქტიურად ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” შუქდებოდა, თუმცა, წინა პერიოდთან განსხვავებით, ონლაინგამოცემებში იმატა ნეიტრალურმა ტონმა და დადებითი და უარყოფითი ტონის მაჩვენებელმა იკლო.

მონიტორინგის წინა პერიოდებთან შედარებით, ონლაინმედია მეტ ყურადღებას უთმობდა საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, განსაკუთრებით- საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაშუქებისას. რაც შეეხება თვითონ საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხმების დათვლის პროცედურებსა და არჩევნების შედეგებს – ეს საკითხები, CDI-ის კვლევის მიხედვით, ვებგვერდების დიდმა უმეტესობამ აქტიურად და ობიექტურად გააშუქა.

“ვებგვერდების უმეტესობა მეტ-ნაკლებად იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. თითქმის არ გვხვდება ჟურნალისტთა მხრიდან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები”, – ვკითხულობთ კვლევაში, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 15 ნოემბერს გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინმედიებში, ზოგადად, ნეიტრალური ტონის ზრდა შეიმჩნევა, ცალკეულ გამოცემებში მაინც იგრძნობოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდაჭერა. მაგალითად, როგორც კვლევის ავტორები წერენ, ვებგვერდებზე – droni.ge-სა და presa.ge-ზე ცალსახად შეინიშნებოდა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის, მხარდაჭერა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მისი მოწინააღმდეგის, დიმიტრი ხუნდაძის დისკრიმინაციის მცდელობა.  

მონიტორინგის ამ პერიოდში კვლავ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ინგლისურენოვანი ვებგვერდები, რომლებიც CDI-ის ანგარიშში მოხვდნენ. მაგალითად, კვლევის მიხედვით, ვებგვერდი Civil.ge გამოირჩევა საკითხების სიღრმისეული ანალიზითა და ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნებით ცალკეულ სტატიებში. DFWatch.net-ში კი კიდევ უფრო იმატა ნეიტრალური ტონის მაჩვენებელმა. აქ არ შეინიშნება დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ და დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

ასევე, კვლევაში გამოკვეთილი რამდენიმე ვებგვერდი, სადაც, კვლვის ავტორების თანახმად, შეინიშნებოდა დადებითი განწყობა “ქართული ოცნების” მიმართ და უარყოფითი – ენმ-ის მიმართ, მაგალითად “ინფო9” (სადაც ასევე გვხვდება სტატიები, რომლებიც რედაქციას არ მოუმზადებია, მაგრამ მითითებული არ არის, თუ საიდან მოიპოვეს ეს მასალები). კვლევის ავტორების შეფასებით, კვლავ შედარებით ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდის, ხოლო უარყოფითი ტონის მაჩვენებლები ენმ-ის მიმართ “ინტერპრესნიუსზეც” (IPN). მმართველი პარტიის მიმართ დადებითი განწყობა შეინიშნებოდა marshalpress.ge-ზეც, ასევე, “უკიდურესად უარყოფითი განწყობა” ენმ-ის მიმართ.

ამას გარდა, კვლევის მიხედვით, ონლაინმედიის სერიოზულ გამოწვევად რჩება სარედაქციო მასალებისა და კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა. 

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეულმა 5-მა ონლაინგამოცემამ (info9.ge, pirveli.com.ge, newposts.ge, reportiori.ge, marshalpress.ge) უცვლელად გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია შსს მინისტრის მიერ გორში სახანძრო-სამაშველო სამსახურების განახლებული შენობის გახსნის შესახებ, თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუთითებია, რომ მასალა ვებგვერდიდან იყო მოპოვებული.

მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა საარჩევნო სუბიექტების გაშუქების დროსაც. მაგალითად, სტატია, სათაურით “ვალერი გელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს”, იდენტური ტექსტით გამოქვეყნდა ვებგვერდებზე: info9.ge interpressnews.ge, pirveli.com.ge და presa.ge. მათგან მხოლოდ presa.ge-ს ჰქონდა მითითებული, რომ სტატია სარეკლამოა.

აღსანიშნავია, რომ 15 ნოემბერს კვლევის პრეზენტაციაზე ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთი” დაასახალეს როგორც მაგალითი, რომელიც მკაფიოდ მიჯნავს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს სარედაქციო მასალებისგან. CDI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, “ნეტგაზეთი” კვლავ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ვებგვერდი მაღალ დონეზე იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი