ახალი ამბები

კანონიერია თუ არა ძიძის ვიდეოთვალთვალი?

15 ნოემბერი, 2016 • 5338
კანონიერია თუ არა ძიძის ვიდეოთვალთვალი?

რამდენად კანონიერია ფიზიკური პირების მიერ ვიდეოსათვალთვალო კამერების დაყენება საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ მიერ დაქირავებული ძიძა მუშაობს, და უნდა იყოს თუ არა ის წინასწარ გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ მისი ვიდეოთვალთვალი ხორციელდება?

დღეს, 15 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს 60 წლის ქალი, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა. როგორც შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, ძიძამ 10 თვის ჩვილი გოგონა სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგიმლობა და დაკავებული ძიძა 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც სასამართლო იუწყება, საქმის მასალების თანხმად, 2016 წლის 10 ნოემბერს ძიძამ ბავშვს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვნის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

როგორ ხდება ვიდეოთვალთვალის რეგულირება, როცა კერძო საცხოვრებელ სახლში ხდება ვიდეოკამერის მონტაჟი და ვიდეოთვალთვალი, ამ შემთხვევაში- ძიძის? ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ზოგადად, აქვს თუ არა უფლება ძიძის დამქირავებელ ოჯახს განახორციელოს ვიდეოთვალთვალი და აუცილებელია თუ არა ამის თაობაზე იყოს ინფორმირებული ძიძა? – ამ შეკითხვებით “ნეტგაზეთმა” საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მიმართა.

“ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია საქმის გარემოებები და ინფორმირებული იყო თუ არა ძიძა ვიდეოთვალთვალის შესახებ, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ ბინისა და კერძო სახლის შიგნით მესაკუთრის მიერ პირადი მიზნით კამერების გამოყენებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება”, – ასე უპასუხეს “ნეტგაზეთს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

განსხვავებულად ფიქრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე. იგი ამბობს, რომ ამ საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-12 მუხლი არეგულირებს, რომელიც ეხება საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალს.

ამ მუხლის მიხედვით, კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის.

“აქ არის განმარტების საკითხი, კერძო დაწესებულებაზეა საუბარი და შეიძლება ფართოდაც განიმარტოს კერძო დაწესებულება – ძიძა რეალურად თავის სამუშაოს ასრულებს იმ მომენტში და როდესაც ძიძა მიდის კერძო სახლში, ეს არის მისი სამუშაო ადგილი, სადაც ხშირ შემთხვევაში კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფება და შეიძლება ასეც განიმარტოს, მაგრამ, როგორც ჩანს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ცოტა ვიწრო განმარტებას აძლევს ამ ნორმას”, – აცხადებს გიორგი გოცირიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტით, სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის, და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. გოცირიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, ამავე კანონის ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

“თავად ის პირი, რომლის ჩაწერაც ხდება ამ ვიდეოთვალით, წერილობით უნდა იყოს წინასწარ გაფრთხილებული. მე მიმაჩნია, რომ ეს ასე უნდა იმარტებოდეს – სხვისი საცხოვრებელი სახლი ამ შემთხვევაში არის ძიძის სამუშაო ადგილი და წერილობით უნდა იყოს იგი წინასწარ გაფრთხილებული, რომ მისი ჩაწერა ხორციელდება. კერძო დაწესებულება რომ მაინცდამაინც იურიდიული პირი უნდა იყოს, ასე არაა განმარტებული კანონში. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკრეტული ოჯახი”, – განმარტავს გოცირიძე.

მისივე თქმით, თუკი კანონის ეს ნორმა ირღვევა, ამაზე რეაგირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა მოახდინოს. ხოლო თუ ინსპექტორი სხვაგვარად განმარტავს კანონის ამ მუხლს, მაშინ პირს, რომლის თვალთვალიც განხორციელდა გაფრთხილების გარეშე, ანუ ამ შემთხვევაში ძიძას, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და საბოლოო განმარტებას ამ კანონს სწორედ სასამართლო მისცემს.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ცალსახად ადგენს მხოლოდ საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვალდებულებებს. ამავე კანონის მიხედვით, ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავება, მათ შორის ვიდეოთვალთვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოექცეს კანონის მოქმედების ქვეშ, თუ ის ხორციელდება დამმუშავებლის სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ცალსახად იმის თქმა, რომ ამ ოჯახზე უნდა გავრცელდეს ორგანიზაციებისთვის დადგენილი წესები, არ არის მართებული. ამის თქმა მართებული მხოლოდ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში იქნება”, – განუმარტეს ნეტგაზეთს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

ჩვენთვის უცნობია, ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, როდესაც ძიძა 10 თვის ბავშვის ცემის ბრალდებით დააკავეს, იყო თუ არა წინასწარ გაფრთხილებული დამქირავებლებისგან, რომ მისი ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ის გაფრთხილებული არ იყო, ჩაითვლება თუ არა უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებად ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბავშვის ცემის ფაქტს ადასტურებს? – ამ კითხვაზე გიორგი გოცირიძის პასუხი ასეთია:

“ეს განმარტების საკითხია, თუ აღმოჩნდება, რომ წერილობით გაფრთხილებული არ იყო, მაშინ, რა თქმა უნდა, უკანონო ჩანაწერი იქნება, მაგრამ თუ საგამოძიებო ორგანოები გაიზიარებენ კანონის იმ განმარტებას, რასაც ინსპექტორი აკეთებს, მაშინ კანონიერი იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განმარტავენ სამართალდამცავი ორგანოები ამ ნორმას”.

ნემისმიერ შემთხვევაში, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ძიძა წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული ვიდეოთვალთვალის შესახებ, ვინაიდან, მისი თქმით, ამას ერთგვარი პრევენციული ეფექტიც აქვს, რომ თავიდან იქნას აცილებული ჩვილი ბავშვების ცემა და ფიზიკური დაზიანება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც, 10 თვის ბავშვის ცემის გამო ძიძას ბრალად ედება, ეხება ცემას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი