ახალი ამბები

პრეზიდენტი მიმართავს მღებრიშვილს და შოთაძეს, პირადად გააკონტროლონ გოგონების დასახიჩრებაზე გამოძიება

15 ნოემბერი, 2016 • 1356
პრეზიდენტი მიმართავს მღებრიშვილს და შოთაძეს, პირადად გააკონტროლონ გოგონების დასახიჩრებაზე გამოძიება

საქართველოს პრეზიდენტის სპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებულია კახეთის სამ სოფელში გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებით მედიის მიერ გამოაშკარავებული ფაქტების გამო. 

საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ამ ვანდალურ ქმედებაზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად

პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ, ცხადია, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდელობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა მიშველაძემ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (თივი, სარუსო და ჩანთლისყურე) ადგილობრივი მოსახლეობა მედიასთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარში ადასტურებენ, რომ გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს, რომელსაც, სახალხო დამცველის ცნობით, ადგილობრივები „ნათლობას“ უწოდებენ. აღნიშნული პრაქტიკა თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

კახეთის სამ სოფელში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე გამოძიება რომელიმე კონკრეტული მუხლით არ მიმდინარეობს. მოკვლევის პროცესშია ჯანდაცვის სამინისტრო.

გოგონებში გენიტალიის დამახინჯების გამოვლენილი ფაქტების შესწავლა უკვე დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც და სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას რისკებისა და გართულებების შესახებ. ასევე, არ იციან, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ.

სახელმწიფო უწყებებში ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტების შესახებ მათთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე დღის წინ “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, სადაც ეთნიკურად ავარიელები ცხორვრობენ, გოგონებს ე.წ. წინდაცვეთას უკეთებენ, ანუ გენიტალიებს უსახიჩრებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ე.წ. წინდაცვეთას გოგონებს სახლის პირობებში იმდენად პატარა ასაკში უკეთებენ, რომ შემდეგში ამის შემჩნევა ექიმებისათვის რთულია.

ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სოფლებში საგანმანათლებლო კამპანიების წამოწყებას გეგმავს, რათა მოსახლეობას ამ აქტის შედეგად ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი