ახალი ამბებიეკონომიკა

მეგრელიშვილი: არასწორია ხელოვნურად დოლარში კრედიტის გაძვირება და ლარში სესხების გაიაფება

15 ნოემბერი, 2016 • 2309
მეგრელიშვილი: არასწორია ხელოვნურად დოლარში კრედიტის გაძვირება და ლარში სესხების გაიაფება

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ვალუტის კურსის ცვლილება, ზოგადად, ნორმალური პროცესია, თუმცა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარის დევალვაციამ პერმანენტული სახე მიიღო. მთავრობის ხედვა ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით მეგრელიშვილისათვის მხოლოდ ნაწილობრივ არის მისაღები.

“მთავრობა როცა აპელირებს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ეს არის სრული სისულელე. ხალხი, რომელიც დოლარს ენდობა, ენდობა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ, უბრალოდ, დოლარის ფერი მოსწონთ. ეს არის ვალუტა, რომელსაც აქვს სტაბილური ისტორია და არ ემუქრება მის კურსს ცვლილება. რას აკეთებს ამ დროს მთავრობა? ხელოვნურად აძვირებს დოლარის სესხებას და ხელოვნურად აიაფებს ლარის სესხებას, რაც აბსოლუტურად არასწორია. ეს განცხადება მიუთითებს, რომ მთავრობას ან არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს, რაში მდგომარეობს პრობლემა,” – ასე აფასებს მეგრელიშვილი მთავრობის დღევანდელ განცხადებას დოლარიზაციის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით, რომელიც მათი მტკიცებით, ეროვნული ვალუტის დევალვაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია.

მეგრელიშვილი ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მთავარია, რა მოცულობით გადაწყვეტს მთავრობა შეამციროს ხარჯები:

“სწორი, რაც მთავრობის განცხადებაში გახლავთ, არის ის, რომ უნდა დაიზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები. მე კიდევ უფრო სხვანაირად ვიტყოდი – საბიუჯეტო ხარჯებია შესამცირებელი. ეს შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ლარის გამყარებას, არამედ ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას. ეკომონიკის ზრდის ტემპია მთავარი ფაქტორი, რომელიც ლარის არასტაბილურობას განაპირობებს. როცა გვეცოდინება 2017 წლის ბიუჯეტი, გავიგებთ რამდენად სერიოზულად აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას. თუ მთავრობამ ეს ხარჯები შეამცირა მხოლოდ 100 მლნ-ით, რეალურად, ეს ვერაფერს შეცვლის.”

შემცირებულ გადასახადებთან ერთად, “გირჩი” მთავრობას თავისუფალი სავალუტო რეჟიმის ამოქმედებას სთავაზობს. მეგრელიშვილის განცხადებით, ლარის როლი, როგორც მონეტარული სისტემის, მთავრობის ხელში საშიშია. უმჯობესია მოსახლეობას მიეცეს საშუალება, თავად გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ლარი, როგორც ეროვნული ვალუტა.

“მთავრობა, პირველ რიგში, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, უნდა შეეცადოს, რომ ხალხს რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეს, ანუ უნდა შემცირდეს გადასახადები. კიდევ უფრო უკეთესს გააკეთებს, თუ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს იმ ვალუტით, რომელსაც უფრო მეტად ენდობა. ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელსაც აქტიურად ვლობირებთ, რომ იყოს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი. რაც ნიშნავს, რომ ლარი არ იყოს ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო სისტემა საქართველოში. თუ შეგვიძლია ბინა ვიყიდოთ დოლარში, ასევე შეგვეძლოს, რომ “ელიავას ბაზარზე” ვიყიდოთ ნებისმიერი ნივთი სხვა ვალუტაში,” – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილისათვის ასევე გაუგებარია იმპორტის ზრდისა და ლარის კურსის მაჩვენებლის ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ბოლო რამდენიმე თვის მონაცემები ამასთან დაკავშირებით არ არსებოს. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებები ამ დრომდე ვერ დაბალანსდა ექსპორტით.

“ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ იმპორტი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ხალხში მსყიდველუნარიანობაც იზრდება, რაც სხვა მონაცემებით არ დასტურდება. საქსტატს 1.5% აქვს ბოლო მონაცემებით ეკონომიკური ზრდა. რაც, ფაქტობრივად, მიანიშნებს, რომ ადგილზე ვართ გაჩერებული. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რატომ უნდა გაზრდილიყო იმპორტი არაადეკვატურად, მაშინ, როდესაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა არის დაბალი, ან იგივე დარჩა. უცნაურია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო თვეების ზუსტი მონაცემები იმპორტზე არ არსებობს, დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება,” – აცხადებს მეგრელიშვილი.

მთავრობა ლარის კრიზისის დაძლევის სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას აპირებს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მთავრობის ადმინისტაცია დღეს გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ “ლარის კურსის დროებითი ცვლილება” რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: მათ შორის არის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების დევალვაცია, გაზრდილი იმპორტი, რომელიც ამ დრომდე ვერ ბალანსდება, ასევე, ლარის კურსთან მიმართებაში გაჩენილი ნეგატიური განწყობები.

აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 15 ნოემბრის გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4890 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი