ახალი ამბებიეკონომიკა

ირაკლი ყიფიანი: მთავრობა დოლარიზაციას კი არა, მის გამომწვევ ფუნდამენტურ პრობლემებს უნდა ებრძოლოს

15 ნოემბერი, 2016 • 1660
ირაკლი ყიფიანი: მთავრობა დოლარიზაციას კი არა, მის გამომწვევ ფუნდამენტურ პრობლემებს უნდა ებრძოლოს

მთავრობა ლარის კრიზისის დაძლევის სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას აპირებს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

მთავრობის ადმინისტაცია დღეს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ “ლარის კურსის დროებითი ცვლილება” რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: მათ შორის არის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების დევალვაცია, გაზრდილი იმპორტი, რომელიც ამ დრომდე ვერ ბალანსდება და ასევე, ლარის კურსთან დაკავშირებით გაჩენილი ნეგატიური განწყობები.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი, რომელიც პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი იყო, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მთავრობის ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებებს ეწინააღმდეგება:

“ეროვნულმა ბანკმა არჩევნებამდე ინტერვენცია განახორციელა. საერთოდ, ეროვნული ბანკი ინტერვენციას ახორციელებს მოკლვედიანი რყევების შემთხვევაში. თუ დღეს მთავრობა ამბობს, რომ საგარეო ფაქტორები ან ფუნდამენტური პრობლემები გავლენას ახდენს ლარის კურსის ცვლილებაზე, ეს ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს ინტერვენცია არ უნდა განეხორიცელებინა. ეროვნული ბანკისა და მთავრობის განცხადებები ახლა ერთმანეთის დადანაშაულებას უფრო ჰგავს,” – ამბობს ყიფიანი.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებები საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ამ დრომდე ვერ დაბალანსდა ექსპორტით. პრემიერმა ამასთან დაკავშირებით 13 ნოემბერსაც განაცხადა და თქვა, რომ ლარის გაუფასურება დადებითი პროცესებით, გაზრდილი იმპორტითაა განპირობებული.

“არგუმენტად მთავრობას მოჰყავს გაზრდილი იმპორტის შედეგად ქვეყნიდან ვალუტის გადინება, რაც რეალურად ასე არ არის. იმპორტი საქსტატის მონაცემებით (თუ არ ჩავთვლით C ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც გრანტის სახით საქართველოს აჩუქეს), 2016 წელს შემცირებულია 3%-ით. იმპორტის გაზრდის შედეგად ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის აბსოლუტურად მცდარი არგუმენტი. პრემიერის განცხადებაც ამასთან დაკავშირებით ჩემთვის გაუგებარია.”

ყიფიანის თქმით, ამ ეტაპზე შესაძლოა სამომხმარებლო ფასები შენარჩუნებულია, მაგრამ მომავალში, თუ ვალუტის გაუფასურება ასეთი ტემპებით გაგრძელდა, ცვლილებებს ვერ გამოვრიცხავთ.

ეკონომისტის განცხადებით, იმისათვის, რომ მთავრობამ დაპირებულ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, მაქსიმალურად უნდა შეიკვეცოს არამიზნობრივი ხარჯები, უნდა გაუქმდეს არაეფექტური სამთავრობო პროგრამები, უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები, გაუქმდეს სახელმწიფო სსიპ/აიპ-ები და ასეთი სამსახურებიდან უნდა გათავისუფლდნენ დასაქმებულები.

“რაც იქნება პოლიტიკურად ძალიან ძნელი, არაპოპულარული გადაწყვეტილება, მაგრამ ეკონომიკურად ეფექტური. მთავრობის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე სწორია. თუმცა ბიუჯეტის პირველ ვარიანტში არ არის შემცირებული და დაველოდოთ, მეორე ვარიანტში რა ცვლილებებს შეიტანენ,” – აცხადებს ყიფიანი.

მთავრობაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმა საჯარო გახდება, რომელიც იმ საბაზრო მექანიზმებს მოიცავს, რამაც დოლარიზაცია უნდა შემაცირონ. ყიფიანის თქმით, კონკრეტულად დოლარიზაციის პროცესთან ბრძოლა არაეფექტურია და გრძელვადიანი პერსპექტივისათვის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით არსებული ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაა აუცილებელი:

“მთავრობა ებრძვის იმ პრაქტიკას, რომ ხალხი ფულს ინახავს დოლარში. ისინი ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობენ, რომ თუ ლარის მიმართ ნდობა გაიზდება, გადაჭარბებული დოლარიზაცია შემცირდება და ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება.

დოლარიზაციასთან ბრძოლას თუ აპირებენ იმ მეთოდებით, რომ კერძო ბანკებს დაუწესონ სარეზერვო მოთხოვნები დოლარის შენახვაზე, ან ითამაშონ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებებით – ჩემი აზრით, ეს არის არასწორი პოლიტიკა. დოლარიზაცია ეს არის ბაზარზე ასებული მოთხოვნა-მიწოდების შედეგი. ბაზარზე არსებული ნდობის, რომელიც მოსახლეობას გააჩნია დოლართან მიმართებაში. ამიტომ, კონკრეტულად დოლარიზციას კი არა, არამედ მის გამომწვევ ფუნდამენტურ პრობლემებს უნდა ვებრძოლოთ, რაც მხოლოდ არაპოპულარული პოლიტიკური, მაგრამ ეფექტური ეკონომიკური ცვლილებებით მიიღწევა.”

ყიფიანის თქმით, ახლა ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების გარანტი მხოლოდ უცხოური ინვესტიციების შემოდინება შეიძლება გახდეს, რადგან სტაბილური ბიზნესგარემოს შექმენა ვალუტის დაბალანსების შესაძლებლობას ზრდის:

“უცხოური ინვესტიციები არის ვალუტის შემოსვლის მთავარი წყარო, მაგრამ მათი მოზიდვისათვის საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, როდესაც IMF მოდის და გვეუბნება, რომ უნდა გავზადროთ გადასახადები, რადგან გვაქვს საბიუჯეტო დეფიციტი 6%, მთავრობა დუმს. შეიძლება ისინი გადასახადების გაზრდას არ აპირებენ, მაგრამ ეს უნდა დაამტკიცონ და დეკლარირებულად განაცხადონ, რომ გადასახადებს არ გაზრდიან. რადგან ინვესტორი, რომელმაც იცის IMF-ის ამ განცხადების შესახებ და ხედავს, რომ მთავრობას რეაქცია არ აქვს, ის პროექტში ფულს აღარ დებს. ინვესტორების მოზიდვა უნდა იყოს პირველი ამოცანა. მხოლოდ უცხოური ინვესტიციის შემოსვლა დააბალანსებს ქვეყანაში დოლარისა და ლარის მოცულობას.”

აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 15 ნოემბრის გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4890 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი