ახალი ამბები

მისაღებია თუ არა საპატრიარქოსთვის ბაგრატის ტაძრის საბოლოო სახე

22 აგვისტო, 2012 • 4197
მისაღებია თუ არა საპატრიარქოსთვის ბაგრატის ტაძრის საბოლოო სახე

ილია მეორე ხელისუფლების მიერ აღდგენილ და გადახურულ ტაძარზე ჯვრის აღმართვის საზეიმო ცერემონიას 17 აგვისტოს არ დასწრებია. არც ამის შემდეგ შეხებია ბაგრატის თემას სკუთარ ქადაქებაში.

რატომ არ მიიღო პატრიარქმა ჯვრის აღმართვის საზეიმო ცერემონიაში პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა? – ამ საკითხის გარკვევას “ნეტგაზეთი” რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა საპატრიარქოსგან.

ამ კითხვაზე პასუხს ვერც დეკანოზი ბესარიონ მენაბდე გვცემს, რომელიც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა:

“მე ვერ გიპასუხებთ, რატომ არ იმყოფებოდა პატრიარქი ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიაზე,” – აცხადებს დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, თუმცა, მისივე განმარტებით, არაფერია იმაში უჩვეულო, რომ ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობდა:

“ჯვარს აღმართავს სასულიერო დასი და საერო თუ სახელისუფლებო წარმომადგენლებს შეუძლიათ იყვნენ თანამონაწილენი. ამას ვერ დაუშლი, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს ასე იყო ისტორიულადაც და ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ წმინდა ნინო. როდესაც წმინდა ნინომ სვეტიცხოვლიდან ჯვარი ააბრძანა ჯვრის მონასტრის ბორცვზე, მას თან ახლდა ეპისკოპოსი იოანე და უფლისწული რევი”.

მისაღებია თუ არა საპატრიარქოსთვის ბაგრატის ტაძრის საბოლოო სახე? – “რამდენად მისაღებია გუმბათის ფერი ან ჯვრის ზომები, ამაზე ყოველთვის იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა”, – ამბობს დეკანოზი ბესარიონ მენაბდე – “მაგრამ ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში, ის, რომ ტაძარი აღდგენილიყო და მეორე – ტაძარს მეტნაკლებად არ დაეკარგა ის სახე, რომელიც მას ჰქონდა.”

იმ მოტივით, რომ ბაგრატი აუთენტიკურობას კარგავდა, ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საკითხი რამდენიმე თვის წინ დასვა იუნესკომ. თუმცა შემდეგ საკითხის განხილვა ერთი წლით გადავადდა.

მანამდე კი, 17 ივნისს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მოთხოვნით შეჩერდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე. ამის მიზეზი ბაგრატის დასავლეთის მკლავზე მიმდინარე სამუშაოები იყო, თუმცა მოგვიანებით საპატრიარქო სამუშაოების გაგრძელებას დათანხმდა:

“საპატრიარქოს დიდი სურვილი იყო, ტრადიციული მეთოდით აღდგენილიყო ტაძარი, ანუ კირდუღაბით, მაგრამ კონსტრუქტორთა ჯგუფმა ნათლად დაგვანახა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ დავთანხმდით რკინა–ბეტონის ჩარევაზე,” – აცხადებს დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

მისივე თქმით, ხელისუფლება საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად შეეცადა ტაძრის დასავლეთის მკლავის რესტავრაციას იტალიელი არქტიტექტორის პროექტით, რაც საბოლოოდ შეიცვალა:

“ეს შეიცვლა და ტაძარი განსრულდა ისე, როგორც ბაგრატს შეეფერებოდა, ივანე გრემელაშვილის პროექტის მიხედვით.”

ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო არქიტექტორ ვანო გრემელაშვილის პროექტის მიხედვით, თუმცა მოგვიანებით პროცესში იტალიელი არქიტექტორი ანდრეა ბრუნო ჩაერთო.

“როცა ტაძარი დანგრეულია, სივრცითი მოცულობის აღდგენაა მნიშვნელოვანი. ამის საშუალებას კი მოპოვებული ქვის დეტალები იძლევიან. მოპოვებული მასალის მიხედვით, დადგინდა ტაძრის ძირითადი პარამეტრები – გუმბათის ყელის სიმაღლე და სისქე, დიამეტრი, სარკმელთა ზომები და სხვა. ბატონი ვანო გრემელაშვილის პროექტით, ტაძრის ინტერიერსა თუ ექსტერიერში დაბრუნებულმა ძველი ქვების დეტალებმა, რომელთა საშუალებითაც დადგინდა და აღდგა ბაგრატის ტაძრის სივრცითი მოცულობები, მეტნაკლებად უნდა განგვაცდევინოს ძველი ბაგრატის პირველადი იერსახე”, – აცხადებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

იუნესკოს წინასწარ დასკვნაში, რომელიც 26 ივნისს გამართული 36–ე სესიისთვის მომზადდა, ნათქვამია, რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის დროს დაირღვა ტაძრის აუთენტიკურობა, რის გამოც ბაგრატის ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებდა იუნესკოს კრიტერიუმებს.

“როცა იუნესკომ ბაგრატი თავის ნუსხაში შეიყვანა, ის უკვე ნაწილობრივ აღდგენილი იყო ვახტანგ ცინცაძის მიერ რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით და არა – ტრადიციული მასალით. დანგრეულ ბაგრატის ტაძარს უკვე დაკარგული ჰქონდა პირველადი სახე, ამიტომ როდესაც საუბრობენ, აუთენტური აღარ იქნება აღდგენის შემდგომო, პასუხი ასეთია – აუთენტური ბაგრატის ტაძარი უკვე არ იყო, როცა ის ნანგრევებად იყო ქცეული. იქ აუთენტური შეიძლება ვუწოდოთ ქვის დეტალებს, მაგრამ ტაძარი აუთენტური როგორ იქნება, როცა დანგრეულია?!” – ამბობს დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

ბაგრატის ტაძრის გადახურვის და აღდგენის გარესამუშაოები უკვე დარულებულია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებულ ბაგრატს მისი ბავშვობის ასრულებული ოცნება უწოდა. თუმცა, დარჩება თუ არა განახლებული ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ეს 2013 წელს იუნესკო 37-ე სესიაზე გადაწყდება.

ბაგრატის ტაძარი რეაბილიტაციამდე
ბაგრატის ტაძარი რეაბილიტაციამდე

ბაგრატის ტაძარი რეაბილიტაციის შემდგომ
ბაგრატის ტაძარი რეაბილიტაციის შემდგომ

მასალების გადაბეჭდვის წესი