ახალი ამბები

ახალ პარლამენტში, სავარაუდოდ, ორი ოპოზიციონერი ვიცესპიკერი აირჩევა

14 ნოემბერი, 2016 • 1840
ახალ პარლამენტში, სავარაუდოდ, ორი ოპოზიციონერი ვიცესპიკერი აირჩევა

“პატრიოტთა ალიანსი”მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვიცესპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილს წარადგენს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაასახელებენ ვიცესპიკერობის კანდიდატად.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,  თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით.

ამასთან,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არაუმეტეს 3 კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას;  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის, მაგრამ არაუმეტეს 3-ისა, წარდგენის უფლება აქვთ იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და  გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში.

“საუბარია იმაზე, რომ  უმრავლესობის გარდა, პარლამენტში მოხვედრილი სუბიექტებიდან ვიცესპიკერის წარდგენის უფლება სამ სუბიექტს აქვს. რომ არსებობდეს ოთხი ან ხუთი საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც პარლამენტში ფრაქცია შექმნეს, ხუთივემ თითო-თითო კანდიდატი რომ წარადგინოს, ხუთივე ვერ აირჩევა. სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ ამ ხუთიდან სამი უნდა აირჩიოს. ახლა ორი ასეთი სუბიექტია პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობა” და პატრიოტთა ალიანსი”,”- ამბობს გიორგი კახიანი, მერვე მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამავე პოზიციას დაიკავებს ახალ, მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ირჩევს, რაც თეორიულად არ გამორიცხავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მხარი მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს დაუჭიროს:

“პრაქტიკაში ასე ხდება, ვინაიდან ეს კვოტა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, უმრავლესობა ითვალისწინებს მათ უფლებას, პოზიციას და მხარს უჭერს კანდიდატებს. ამ მოწვევის პარლამენტში ვნახოთ, როგორ მოხდება. შეიძლება ორი ოპოზიციური ვიცესპიკერი გვყავდეს,” – ამბობს გიორგი კახიანი.

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, პარტია ვიცესპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილს წარადგენს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ წარსადგენ კანდიდატზე პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც 5%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ- “ქართულმა ოცნებამ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა. “ქართულ ოცნებამ “პარლამენტში 115 მანდატი მოიპოვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა ” – 6 მანდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი