ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის დაღუპვის ერთ–ერთ მიზეზად თვითმკვლელობას განიხილავს

21 აგვისტო, 2012 • • 1057
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის დაღუპვის ერთ–ერთ მიზეზად თვითმკვლელობას განიხილავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს რიგითი ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალების ფაქტს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. შესაბამისი განცხადება სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ამ ეტაპზე ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება. შესწავლილი და შემოწმებული იქნება უბედური შემთხვევის ყველა გარემოება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისათვის გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.  გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაში.

 

21 წლის ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია თავდაპირველად “მეცხრე არხმა” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ გაბიტაშვილმა თავი მოიკლა. მათი მოსაზრებით, ჯარისკაცის მკვლელობაში მონაწილეობა რამდენიმე ადამიანმა მიიღო.

 

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სისტემაში კიდევ ერთი ჯარისკაცი, კობა მახარაშვილი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრომ მაშინაც განაცხადა, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა, თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით დღემდე არაფერი გამოქვეყნებულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი