ახალი ამბები

კახეთში სტიქიამ გურჯაანი და ლაგოდეხი დააზარალა

21 აგვისტო, 2012 • • 2511
კახეთში სტიქიამ გურჯაანი და ლაგოდეხი დააზარალა

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 37 ათასი ოჯახი.

გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა გულიაშვილის განმარტებით, სტიქიის შედეგად განადგურებულია მოსავალი.

“ძლიერი ქარის გამო დაზარალდა სახლის სახურავები და მოსახლების მოსავალი. მობილიზებულია ყველა სამსახური და მიმდინარეობს გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. სტიქია არ იყო ისეთივე მძლავრი, როგორც პირველად, ერთი თვის წინ,” – აცხადებს ხათუნა გულიაშვილი.

კახეთში გუშინ სეტყვა და წვიმა მოვიდა, რასაც თან ახლდა ძლიერი ქარი. ბოლო თვენახევრის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სტიქია კახეთს აზარალებს.

19 ივლისს მოვარდნილი სტიქიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი შალაური, გურჯაანის მუნიპალიტეტის სოფელი ვაჩნაძიანი და თელავი განადგურდა. შალაურში და ვაჩნაძიანში განადგურებულია სიმინდის ყანები, ბაღები და ვენახები. სტიქიის შედეგად  სახლების უმეტესობა სახურავის გარეშე იყო დარჩენილი.

პირველი სტიქიის დროს თელავში ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ დააზიანა სახლები, გზები.

ბოლო მონაცემებით, ახლა კახეთში მზიანი, ცხელი ამინდია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი