ახალი ამბები

მალხაზ სონღულაშვილი: მოხეში მეჩეთი მეპატრონეს – მუსლიმ თემს უნდა დაუბრუნდეს

12 ნოემბერი, 2016 • 1934
მალხაზ სონღულაშვილი: მოხეში მეჩეთი მეპატრონეს – მუსლიმ თემს უნდა დაუბრუნდეს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ყოფილი მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობა მუსლიმ თემს ეკუთვნის და ის სწორედ მის საკუთრებაში უნდა გადავიდეს.

“აშკარაა, რომ ეს არის მეჩეთი. ამას კომისია არ სჭირდება, რომ დაადგინოს, მეჩეთია, სინაგოგა თუ ეკლესია. ამიტომ მეჩეთი უნდა დაუბრუნდეს თავის მეპატრონეს – მუსლიმ თემს, რომელიც იქ ცხოვორბს”, – უთხრა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს სონღულაშვილმა დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმში “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ორგანიზებით გამართულ ფორუმზე – “რელიგია და მშვიდობა”.

სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში შენობა კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადადის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კი შეიმუშავებს სამომავლოდ კონცეფციას, თუ რა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს შენობას. კოიმისიას, წევრების თქმით, ამ ეტაპზე “არც მუსლიმებისა და არც მართლმადიებლების საკუთრებაში გადაცემის საკითხი არ განუხილავს”.

“ეს არის ქართველი ერის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ დავიცვათ, ვუპატრონოთ, გავუფრთხილდეთ იმ მრავალფეროვნებას, – რელიგიურს, კულტურულს, სხვაფრივს, რომელიც ამ ქვეყანას აქვს”, – განაცხადა დღეს, 12 ნოემბერს, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ყოფილმა ლიდერმა.

მოვლენების ქრონოლოგია:

  • ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში  ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა 1975-80 წლებში დასახლდა.  შენობაზე, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. 1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან დღემდე კი შენობა  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.
  • მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
  • ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: 27 მაისს სოფელ მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.  8 ივლისს კი მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი (#1019), სადაც იგი აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.
  • 2014 წლის 18 ოქტომბერს სოფელში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა გააპროტესტეს.  მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს, რასაც ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას  მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას არ დაუშვებდნენ.
  • სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით,  XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.
  • 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მუსლიმთა უფლებები.
  • ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა: 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედებებისთვის,  ხოლო სამი პირი – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევისთვს. 23 ოქტომბერს სასამართლომ სამი მუსლიმი – თეიმურაზ მიქელაზე, ოთარ მიქელაძე და მალხაზ ბერიძე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა (თუმცა, გამოძიება გრძელდება),[10] ხოლო 11 დაკავებული სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 250 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
  • 2014 წელს რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა. წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე” კომისიის გადაწყვეტილების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი