ახალი ამბები

ციფრული მემორიალები ფეისბუკში

12 ნოემბერი, 2016 • 1450
ციფრული მემორიალები ფეისბუკში

“ფეისბუკის” მომხმარებლებს, რომლებიც 11 ნოემბრის საღამოს საკუთარ თუ სხვების ტაიმლაინზე შედიოდნენ, “მემორიალური პროფილი” ხვდებოდათ, თითქოს ამ ანგარიშის მფლობელი გარდაცვილი ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში შეცდომა გაიპარა, რის გამო “ფეისბუკმა” უკვე მოხადა ბოდიში.

“იმედი გვაქვს, ადამიანები, ვისაც უყვარდათ იგი, გამხნევდებიან მეგობრების მიერ გაზიარებულ მოგონებებით”, – ასეთი შინაარსის წარწერა ხვდებოდათ გუშინ ფეისბუკის მომხმარებლებს საკუთარ თუ სხვათა პროფილებზე შესვლისას. როგორც “გარდიანზე” ვკითხულობთ, ფეისბუკმა განმარტა, რომ ეს შეტყობინება სხვა, უკვე “მემორიალიზებული” ანგარიშებისთვის იყო განკუთვნილი და შემთხვევით, შეცდომის გამო გამოჩნდა 2 მილიონამდე სხვა, მოქმედ ანგარიშზე.

რაც შეეხება მემორიალიზებულ ანგარიშებს, — ფეისბუკს ეს ფუნქცია უკვე დიდი ხანია აქვს. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი ანგარიშები “უკვდავყონ”.

ფეისბუკის ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელს შესაძლოა მიაწოდოს როგორც ოჯახის წევრმა, ასევე ფეისბუკ მეგობარმა. მათი სურვილით, ანგარიში შესაძლოა ან წაიშალოს, ან ციფრულ მემორიალად იქცეს. მემორიალად ქცევის შემდეგ აღნიშნული ანგარიშის ამოყენებას ვერავინ მოახერხებს ფეისბუკის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამო. “მემორიალიზაციის” შემთხვევაში, პროფილზე მითითებული იქნება – “ვიხსენებთ [სახელი და გვარი]”.

საკუთარი პროფილის ციფრულ მემორიალად ქცევისათვის მსურველებმა შეიძლება წინასწარ აირჩიონ “მემკვიდრე”.

ეს მარტივი პროცედურაა: შეხვალთ “პარამეტრებში”, “უსაფრთხოებში”, აირჩევთ “მემკვიდრეს” (legacy contact), განკუთვნილ ველში ჩაწერთ მეგობრის სახელს და დაადასტურებთ.

“მემკვიდრე” ის ადამიანი იქნება, ვინც ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების შემდეგ “მოუვლის” მის პროფილს – შეეძლება, პოსტები “აპინოს” – დაწეროს გამოსამშვიდობებელი სიტყვა, განაახლოს პროფილის ფოტო და ა.შ. თუმცა “მემკვიდრეს” არ შეეძლება აღნიშნულ ანგარიშზე შესვლა (log in), უკვე ატვირთული ფოტოების წაშლა, პირადი შეტყობინებების წაკითხვა ან მეგობრების წაშლა.

სხვა მომხმარებლების მიერ მემორიალიზებულ ანგარიშებზე ახალი პოსტების დაწერა იმის მიხედვით იქნება შესაძლებელი, თუ რა პარამეტრები ჰქონდა მის მფლობელს დაყენებული — თუკი აძლევდა მეგობრებს საშუალებას, მის “კედელზე” რაიმე დაწერათ, ეს ფუნქცია მემორიალსაც გადაჰყვება.

ვერავინ ვერ მოახერხებს, შევიდეს (“დალოგინდეს”) მემორიალურ ანგარიშზე, ხოლო თუკი დაღუპულს შექმნილი ჰქონდა ფეისბუკ-გვერდი, რომელსაც მხოლოდ ის მართავდა, ეს გვერდიც გაქრება ინტერნეტსივრციდან.

ცნობილი ლიტველი პოლიტოლოგის, ლეონიდას დონსკისის ციფრული მემორიალი ფეისბუკზე. სქრინშოტი

ცნობილი ლიტველი პოლიტოლოგის, ლეონიდას დონსკისის ციფრული მემორიალი ფეისბუკში. სქრინშოტი

მასალების გადაბეჭდვის წესი