ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი წინამორბედის მიერ შემოღებული საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკის სრულად გაუქმებას არ აპირებს, როგორც ამას წინასაარჩევნო კამპანიისას ჰპირდებოდა ამომრჩეველს.
BBC-ის ცნობით, ტრამპი ამბობს, რომ მზადაა, წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შემოღებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის (ე.წ “ობამაქეარის”) მთავარ პრინციპებს არ გადაუხვიოს, თუმცა სისტემაში რეფორმებს განახორციელებს. ეს პოზიცია განსხვავდება მის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკისაგან — იგი აქამდე ე.წ “ობამაქეარის” საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ალტერნატივით ჩანაცვლებას აპირებდა.
ამას გარდა, ტრამპმა განაცხადა, რომ არ უფიქრია საპრეზიდენტო არჩევნებში მისი “დემოკრატი” მეტოქის, ჰილარი კლინტონის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას პირადი (დაუცველი) იმეილის გამოყენების გამოძიების საკითხზე, რადგან ურჩევნია, ჯანდაცვას, უმუშევრობას, საზღვრის კონტროლსა და საგადასახადო რეფორმებს მიხედოს. წინასაარჩევნო პერიოდში კი ამბობდა, რომ სპეციალურ გამომძიებელს დანიშნავდა კლინტონის მიერ იმეილის “არასწორად გამოყენების” საქმის გამოსარკვევად.