ახალი ამბები

“დესტაბილიზაციის საფრთხე” – როგორ მოიპოვა “ოცნებამ” გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები

14 ნოემბერი, 2016 • 2170
“დესტაბილიზაციის საფრთხე” – როგორ მოიპოვა “ოცნებამ” გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები

იქონია თუ არა პოლარიზებულმა საარჩევნო კამპანიამ ეფექტი 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგზე და ვის სასარგებლოდ? – სოციოლოგი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ფიქრობს, რომ ამ გარემოებამ მმართველ გუნდს მინიმუმ ხმების დაახლოებით 10% მოუტანა.

პოლარიზებული გარემო და გაუმართლებელი პროგნოზები

ქართული პოლიტიკით დაინტერესებული არაერთი ადამიანი 8 ოქტომბრის არჩევნებისაგან უფრო მრავალპარტიულ პარლამენტს, ფართო პოლიტიკურ სპექტრზე გადანაწილებულ სახელისუფლებო ძალაუფლებასა და კოალიციურ მთავრობასაც კი ელოდა. უფრო “მრავალპარტიული პარლამენტის” შესახებ მოლოდინებს ამყარებდა სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებდა, რომ საკმაოდ დიდი იყო ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი და, შესაბამისად, სამოქმედო ველი ე.წ. მესამე ძალებისთვის.  

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოკითხული 33 ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსი პარლამენტში შესვლის შანსს ერთბაშად 7 პარტიასაც კი ანიჭებდა, თუმცა ეს პროგნოზები არ გამართლდა და მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის დაბალანსებსაც პარლამენტში ორი ოპოზიციური პარტია და ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ეცდება, რომელთაგან ერთს მხარდაჭერის ნიშნად “ოცნებამ” მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი არ დაუყენა.

ხომ არ იყო მიღებული შედეგის ერთ-ერთი (და არაერთადერთი) განმაპირობებელი ფაქტორი ის პოლარიზებული პოლიტიკური ველი, რომელიც, როგორც მოცემულობა, სექტემბერში დაფიქსირდა? საუბარია ორ პოლიტიკურ პოლუსზე, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობაზე”.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი აზრით ეს ასე იყო. პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო პროცესის განმავლობაში ტემპერატურის აწევას როგორც “ქართული ოცნება”, ასევე, ენმ ცდილობდა.

“ამომრჩევლის ნაწილი გაუცხოვდა საარჩევნო პროცესთან, რადგან გაუცხოებული იყო ამ ორ დიდ პოლიტიკურ ძალასთან, ხოლო გარკვეული ამომრჩევლის ხმები დაიკარგა, მათ შორის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ხმაც დაიკარგა იმიტომ, რომ მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჯერ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ენმ-სგან მომდინარე დესტაბილიზაციის საფრთხზე საუბარი, ხოლო შემდეგ- ქვეყნის მმართველმა ოფიციალურმა პირებმაც.

გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის ავტორის მტკიცებითაც, ენმ-ის ლიდერები შესაძლო გადატრიალების საკითხზე საუბრობენ, ხოლო ამას შესაბამისი მუხლით გამოძიების დაწყებაც მოჰყვა. სუს-ში დღეს განგვიცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება კვლავაც გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა.

გამოძიება გრძელდება სექტემბერში გავრცელებული სხვა ტიპის ფარულ ჩანაწერებზეც (ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული), რომელსაც შსს იძიებს.

სუს-მა შეთქმულების საქმეზე გამოძიება 27 სექტემბერს დაიწყო, 29 სექტემბერს კი საზოგადოებამ მოისმინა შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დამარხული საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს.

პარალელურად თავისუფალი ზონა და ენმ დატოვა მათმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელმაც საჯარო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ენმ არჩევნებში წაგებას უკვე შეგუებული იყო და დესტაბილიზაციისათვის ემზადებოდა.

სექტემბერშივე განაცხადა პროკურატურამაც, რომ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი ვიდეომასალა აღმოაჩინეს, რომლის საფუძველზეც კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს.

“ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდის [საპარლამენტო არჩევნები] ჩაბარებისას სახელმწიფო სისტემას ხელი წაუცდა გარკვეულ რესურსზე, რომელმაც დაღი დაამჩნია არჩევნებს. ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების უცნაური ქცევები, როდესაც მათ სწორედ სექტემბერ-ოქტომბერში გაუნათდათ გონება უამრავი მიმართულებით და უამრავი სხვადასხვა დანაშაულის კვალს მიაგნეს ზუსტად იმ პერიოდში, რომელიც სინქრონში იყო ქართული ოცნების პოლიტიკურ ხაზთან იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არეულობას ამზადებდა. ეს სრულიად აშკარა იყო. საკმარისია, მოვლენების ჩვეულებრივი დამკვირვებელი იყო, რომ ეს ყველაფერი [ერთმანეთს] დააკავშირო და დაინახო, რომ სახელისუფლებო სისტემაში დგილი ჰქონდა გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებებს იმ უწყებების მხრიდან, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ნეიტრალურები უნდა იყვნენ”, – ეს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვებია, რომელიც მან გადაცემა “არჩევანში” თქვა.

სექტემბერ-ოქტომბერში განვითარებული მოვლენების არასრული თაიმლაინი:

 

დესტაბილიზაციის თემა ტელემედიაში

როგორ აისახა დესტაბილიზაცია/შეთქმულების თემა ქართულ სატელევიზიო სივრცეზე? – ამ კითხვით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორ ნატა ძველიშვილს მივმართეთ. წინასაარჩევნო პერიოდში ქარტია ტელემედიაში მონიტორინგს უწევდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოკ-შოუებს:

“ჩვენი დაკვირვებით, რიგ ტელეარხებზე არალოგიკურად დიდი დრო დაეთმო მოსალოდნელი დესტაბილიზაციისა და სავარაუდო რევოლუციის სცენარს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გაუგებარი დარჩა, რას ეფუძნებოდა, გარდა იმ ფარული ჩანაწერისა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და რაზეც ენმ აცხადებდა, რომ დამონტაჟებული იყო. ანუ რაიმე რელევანტური საფუძველი იმისა, რომ სერიები მიძღვნოდა ამ თემას, პრაქტიკულად არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოკ-შოუებში ჩვენ არაერთი საათი ვნახეთ, როდესაც სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ, რამაც, ცხადია, უკან დაწია ისეთი თემები, როგორიცაა საარჩევნო პრიორიტეტების განხილვა, დებატები პარტიების ლიდერებს შორის, პროგრამების ანალიზი, გაცემული დაპირებების რეალისტურობის შემოწმება. ეს დისკუსია სწორედ ამ თემამ ჩაანაცვლა”, – ამბობს ნატა ძველიშვილი და დასძენს, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალშისაცემი სექტემბერში იყო. იგი იხსენებს, რომ ერთ გადაცემაში ამ თემას ინტერაქტივიც კი მიეძღვნა, რომლის მონაიწლეთა 80 პროცენტი რევოლუციის ამგვარ სცენარს არარეალისტურს უწოდებდა:

“ეთერში ისხდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და ისინიც ამბობდნენ, რომ ასე რევოლუციები არ ხდებაო, მაგრამ მიუხედავად ამისა საათნახევარი ამ თემაზე მიმდინარეობდა მსჯელობა”.

ნატა ძველიშვილის თქმით, დესტაბილიზაციის თემას ტოკ-შოუებში კონკრეტული გადაცემები ყოველთვის არ ეძღვნებოდა, თუმცა აქტუალური იყო ხოლმე სტუმრებთან კითხვებში. იგი ამბობს, რომ ეს ყველა ტელევიზიას არ ეხება. ქარტია თავისი მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას 15 ნოემბერს წარუდგენს და მისი მიგნებების შესახებ უფრო დეტალურად გავრცელდება ინფორმაცია.

“გადაუწყვეტელების” არჩევანი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს წლებია აკვირდება, ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პოლარიზაცია როგორც “ქართული ოცნების”, ასევე ენმ-ის ინტერესებში შედიოდა.

“ქართულ ოცნებას” ნაციონალური მოძრაობა სჭირდებოდა, როგორც მტრის ხატი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას – ქართულ ოცნებაზე აპელირება, როგორც ქვეყნის დამაქცევარზე. ერთმანეთის წყალობით მათ ამომრჩევლის მობილიზება განახორციელეს, მაგრამ ამასობაში დაითესა ნიჰილიზმი სხვა ძალების მიმართ”, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ პროცესში  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მესამე პრეზიდენტის რიტორიკამ ოდესიდან იმის შესახებ, რომ საქართველოში ბრუნდებოდა, ასევე, განცხადებებმა გვირაბების გათხრის შესახებ და ა.შ.  

იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ უშუალოდ ამ რიტორიკის გამო “ქართულ ოცნებას” ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მესამედი მაინც მიემხრო. რაც შეეხება იმას, თუ რამდენია ეს მესამედი, იაგო კაჭკაჭიშვილი გვიხსნის, რომ მისი გათვლებით ეს ამომრჩევლის მინიმუმ 10%-ია.

“პრაქტიკულად, ყველა წინასაარჩევნო გმოკითხვით არჩევნებში მონაწილოებას საერთო ამომრჩევლის რაოდენობის სულ მცირე 65% აპირებდა. ამ 65%-ის 35%, ზოგ კვლევაში 40%-იც, მინიმუმ 30% პროცენტი ამბობდა, რომ არჩევნებზე მიდიოდა, მაგრამ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. ანუ [მინიმუმს თუ ავიღებთ] ამ 65%-ის 30% იყო გადაუწყევეტელი ამომრჩეველი. რეალურად არჩევნებში მონაწილოება მიიღო ამომრჩევლის მხოლოდ 51%-მა, შესაბამისად, დაახლოებით 15%, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, არ წავიდა. ეს 15% ყველაზე დიდი ალბათობით გადაუწყევეტელი ამომრჩეველი იყო. ნაკლებ სავარაუდოა, არჩევნებზე არ წაულიყო ის, ვისაც თავისი არჩევანი მანამდეც გადაწყვეტილი ჰქონდა. არჩევნებეზე არ წავიდა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როგორც წესი, ეს ასე ხდება ხოლმე. თუ სულ 30%  იყო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და აქედან 15% სახლში დარჩა, დარჩენილი 15 პროცენტიდან (რომელიც საარჩევნო ურნასთან მივიდა) არჩევანი გააკეთეს ან “ქართული ოცნების”, ან ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ძალიან მცირე რაოდენობის ხმები მიიღო  რომელიმე მესამე მხარემ. არჩევნებზე მისული ე.წ. გადაუწყევეტელი ამომრჩევლის 15%-დან 10%-მა მაინც “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა, დარჩენილი 5 პროცენტი გადანაწილდა ნაცმოძრაობაზე ან რომელიმე სხვა პარტიაზე”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი და ხსნის, თუ რა სტატისტიკურ გათვლაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ზემოხსენულმა 10-მა პროცენტმა “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა:

“ქართული ოცნების” რეალური ანუ არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებელი აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე ეს  ყველა წინასაარჩევნო კვლევაში ჩანდა… ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის [შედეგი], თუმცა,  უფრო მეტად “ქართული ოცნების”. მმართველმა პარტიამ არჩევნებში მიიღო 48%, ხოლო წინასაარჩევნო კვლევებში მისი მაქსიმალური რეიტინგი 35% [ცდომილების ზღვარის ჩათვლით] იყო. ჩემი აზრით, ეს მინიმუმ 10 პროცენტი ოცნებას სწორედ გადაუწყევეტელი ამომრჩევლის ხარჯზე დაემატა. რაც შეეხება ენმ-ს, მის შემთხვევაში კვლევები 20-პროცენტიან რეიტინგს აჩვენებდა, არჩევნებში მიიღო 27%, ამიტომ ვფიქრობ, რომ 5% ნაციონალური მოძრაობის მხარეს წავიდა. ამ პოლარიზაციამ იმუშავა “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მიმხრობის თვალსაზრისით, ხოლო ის [გადაუწყვეტელი], ვინც არც ერთს უჭერდა მხარს და არც მეორეს და სხვა პარტიით ვერ მოიხიბლა, სახლში დარჩა და არჩევნებზე არ წავიდა”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი.

მისივე თქმით, ეს არჩევნებში დაფიქსირებული საბოლოო შედეგის ერთადერთი მიზეზი არ არის და სხვა ფაქტორებზეც საუბრობს, მაგალითად, საარჩევნო სისტემასა და “მაჟორიტარული არჩევნების კრახზე”, როცა მასობრივად უშუალოდ მაჟორიტარის უკან მდგომი პარტია აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის და არა კონკრეტული ადამიანის უნარები.

საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, ე.წ. მესამე ძალის პარტიებმა დაუშვეს:

“[პოლიტიკური] ველის დაძაბვა მომგებიანი იყო ორი სუბიექტისთვის (ენმ და ქართული ოცნება). ამ ფონზე ოპოზიციამ, რომელიც ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიების სახით იყო წარმოდგენილი, ვერ გაიაზრა, რომ ეს ორი დიდი სტრუქტურა [პოლიტიკური] ველის პრივატიზაციას მოახდენდნენ. ოპოზიცია არ გაერთიანდა, არ ჩამოყალიბდა მესამე ალტერნატივა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მესამე ძალის პარტიები (ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, ვისაც თავსებადი ამომრჩეველი ჰყავთ) საერთო ცენტრის ან ცენტრების პლატფორმით უნდა წარმდგარიყვნენ არჩევნებზე, იაგო კაჭკაჭიშვილიც იზიარებს. იგი ასევე ამბობს, რომ ე.წ. გადაუწყევეტელი ამომრჩეველი ოპოზიციური განწყობის იყო, თუმცა არა ენმ-ის ელექტორატი:

“ცუდად იმოქმედეს [მესამე ძალებმა]. შეიძლებოდა სტრატეგიის თუ ტაქტიკის შემუშავება. მაგალითად, თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გაერთიანებით სულ მცირე შეიქმნებოდა ძალთა მექანიკური შეერთების ეფექტი. 8 ოქტომბრის არჩევნებში ერთმა პარტიამ 4.6% მიიღო, ხოლო მეორემ – 1.5% ანუ ბარიერი მინიმუმ ილახებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო სინერგიული ეფექტიც ექნებოდა და ამ ორი პარტიის გაერთიანება უფრო მეტი ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებდა”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი