ახალი ამბები

საპატრიარქოს პასუხი კრიტიკაზე ვარძიის ფრესკების დაზიანების გამო

11 ნოემბერი, 2016 • 2175
საპატრიარქოს პასუხი კრიტიკაზე ვარძიის ფრესკების დაზიანების გამო

საქართველოს საპატრიარქო ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს ავრცელებს, რომელშიც მოქალაქეების კრიტიკას ეხმაურება და ნაწილობრივ სახელმწიფოს ადანაშაულებს:

ამ თემასთან მიმართებაში საზოგადოების შეშფოთება და ინტერესი ბუნებრივია და ჩვენც მათთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულის ტკივილს მომხდარის გამო. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიდანვე აშკარად გამოიკვეთა ტენდენციური პოზიციაც. ითქვა, თითქოს XII საუკუნის თამარის ფრესკა და სხვა მოხატულობა ვეღარ აღდგება, რომ ეს დანაშაული შავბნელი ძალის, – ეკლესიის, არაკომპეტენტურობიდან მომდინარეობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისა.

ზოგიერთების მხრიდან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის და ის გარკვეულ მიზანს ემსახურება; ისე, მათაც კარგად იციან, რომ მსგავსი შემთხვევები არაერთი მომხდარა უცხოეთშიც და საკითხი ასე არავის დაუყენებია. თუნდაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული ტაძარი, უპირველეს ყოვლისა, უფლის სახლია და აქ ღვთისმსახურების აღვლენა მისი უმთავრესი დანიშნულებაა”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 11 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი 1 ნოემბერს სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ვარძიის მონასტერში ხანძარსაწინააღმდეგო რადარების არსებობა “შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა”:

“შევნიშნავთ იმასაც, რომ ვარძიაში 4 წელი მიმდინარეობდა ამ ეკლესიის კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოები, მაგრამ ამ ხნის მანძილზე აქ არ იქნა დაყენებული ხანძარსაწინააღმდეგო რადარები და არც სავენტილაციო სარკმელები, რაც ამ შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა”

საპატრიარქოს ცნობით,  ვარძიაში გაგზავნეს სპეციალისტების ჯგუფი, რომელთა დასკვნის თანახმად, ფრესკებისათვის ხანძრამდელი მდგომარეობის დაბრუნება შესაძლებელია:

“მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია და არ იქნება დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, იგი ასევე არ მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს. ამის თქმის უფლებას იძლევა მჭვარტლის მსუბუქი და მშრალი ხასიათი. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ მშრალი მეთოდით მჭვარტლის ჩამოწმენდის გარდა, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე და საკონსერვაციო მეთოდიკის დადგენამდე, დაუშვებელია გაგრძელდეს საკონსერვაციო სამუშაოები… საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებამდე კი უნდა შეიქმნას კომისია კვალიფიცირებული ხელოვნებათმცოდნეების, ტექნოლოგებისა და რესტავრატორთა შემადგენლობით, კულტურის სამინისტროსა და ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობით. ასევე, სასურველია, ამ კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზე მოწვეულ იქნას გამოცდილი უცხოელი პროფესიონალი-რესტავრატორი. კომისიამ უნდა შეიმუშაოს სარესტავრაციო მეთოდიკა და სამუშაოთა მიმდინარეობას გაუწიოს მონიტორინგი.”

სპეციალისტების ჯგუფში არიან: საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, არქიტექტორი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, უმაღლესი კატეგოროოს მხატვარ-რესტავრატორი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე, თსუ-ის მეცნიერ- თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხატწერის ტექნოლოგი მურად ტყემალაძე.

თუმცა ასეთი ოპტიმისტური არ არის იმ რესტავრატორების დასკვნები, რომლებიც უკვე მუშაობენ ვარძიაში ფრესკების გაწმენდაზე. სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა კუპრაშვილი ფრესკების დათვალიერების შემდეგ ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ პირველადი დათვალიერებით კულტურული ძეგლის მდგომარეობა უმძიმესია. რესტავრატორის თქმით, გადაჭრით იმის თქმა, რომ ფრესკები პირვანდელი სახით აღდგება, არასერიოზულია.

ვარძიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეპარქია დიდი ხანია ითხოვს ვარძიის ქვემოთ, ბერების საცხოვრისისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე კელიების აშენებას (ისინი გამოქვაბულებში მძიმე პირობებში იმყოფებიან), მაგრამ პროექტის შეთანხმება სახელმწიფო სათანადო სამსახურთან დღემდე ვერ განხორციელდა. არადა, ამით სიტუაცია საგრძნობლად განიტვირთებოდა. ვერ მოხერხდა ეკლესიასა და აქ არსებულ მუზეუმს შორის ფუნქციების გამიჯვნაც.”

თუმცა საპატრიარქოში ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან მათ კარგი და შედეგიანი ურთიერთობა არ აქვთ:

“პრობლემები, ზოგადად, ბევრი არის და ხშირად ის ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ პოსტკომუნისტურ ეპოქაში, ათეისტური რეჟიმის შემდეგ, მრავალი ტაძრის და ნატაძრალის აღმშენებლობის პროცესის მოწმენი გავხდით, რაც გულწრფელი სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ უნებართვოდ და უგემოვნოდ კეთდებოდა და იყო შემთხვევები, როცა არასწორი ნაბიჯები იდგმეოდა როგორც კერძო ინიციატივებით, ისე ჩვენი და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ ყველანი, თუმცა ეს გამოუსწორებელი მდგომარეობა ნამდვილად არ არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი