ახალი ამბები

‘ნაციონალური მოძრაობის’ მოძრავი რეკლამები

21 აგვისტო, 2012 • 2628
‘ნაციონალური მოძრაობის’ მოძრავი რეკლამები

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მაჟორიტარ კანდიდატთა სარეკლამო პლაკატებს, რომელზეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინაასარჩევნო დაპირებები წერია, სამარშრუტო ტაქსებზე ყველაზე დიდი სარეკლამო ფართობი (7,32 კვ.მ) უკავია. აღნიშნული რეკლამის ერთი თვის საფასური კი 147 აშშ დოლარია. 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო რეკლამები, ჯერჯერობით, ქალაქში არსებულ რამდენიმე სამარშრუტო ხაზზეა განთავსებული და ყოველდღიურად მას სხვა ხაზები ემატება.

 

 

ყოველდღიურად თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოსახლეობის 60% მოიხმარს. ასეულობით ერთეული სამარშრუტო ტაქსი 21 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს და თითოეულს 150-350– მდე მგზავრი გადაჰყავს. თითოეულ ტაქსის გასავლელი მანძილი 15-დან 25 კილომეტრამდე მერყეობს, სადაც 6-7 შუქნიშანი ხვდება.

 

სარეკლამო კომპანია „ელეფანტში“ განმარტავენ, რომ ე.წ. ავტორეკლამა, რომელიც გარე რეკლამის ტიპებს მიეკუთვნება, ტრადიციულ გარე რეკლამასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურ რეკლამად ითვლება, ვინაიდან მოძრავ რეკლამას ადამიანის გონება სტატიკურ რეკლამასთან შედარებით ბევრად უფრო ადვილად იმახსოვრებს.

 

კომპანია „ელეფანტი,“ რომელიც თბილისის სამარშრუტო ტაქსებზე რეკლამის განთავსების მონოპოლისტი კომპანიაა, მიმდინარე წელს, რამდენიმე თვის წინ დაარსდა. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში კომპანიამ სამარშრუტო ტაქსებში ხმოვანი რეკლამის დამზადება დაიწყო და, შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსებში რადიოსადგურების სიგნალი ჩაიხშო.

 

მაშინ შპს „მიკროავტობუსმა“ ოფიციალურად გაავრცელა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თბილისში მგზავრების გადაყვანას, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით კი, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განათვსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების შიგნით მონიტორების დამონტაჟება, სადაც განთავსდება ხმოვანი სარეკლამო რგოლები.“

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ არაერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ რაიომიმღებების გათიშვას მიკროავტობუსებში პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა.

ყვითელი მიკროავტობუსები თბილისში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. 2011 წლის თებერვალში ოთხმა კომპანიამ თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 2011 წლის შემოდგომაზე კომპანიებს ახალი და კომფორტული ტაქსების შემოყვანა დაევალათ. არსებული სამარშრუტო ტაქსების მფლობელები კი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ. მაშინ თბილისის მერიამ ახალი ტაქსების შემოყვანის მიზეზად დედაქალაქში არსებული ტექნიკურად გაუმართავი და არაკომფორტული სამარშრუტო ტაქსები დაასახელა. გადაწყვეტილებას კი სამარშრუტო ტაქსების მფლობელთა და მძღოლთა საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

საკრებულოს “რესპუბლიკელი” წევრის თინა ხიდაშელის მაშინდელი განცხადებებით, „სამარშრუტო ხაზების მონოპოლირებას თბილისის მერი, გიგი უგულავა წარმართავს. გია გაგოშიძე, ორ ყველაზე დიდ ლოტზე (ვაკე-საბურთალო და გლდანი-ნაძალადევი) გამარჯვებული კომპანია “თბილ-ლაინის” დირექტორი და კომპანია “ჯი-ემ-სი”-ს საწყობის დირექტორი, პარალელურად თბილისის მერიის  მიერ დაფუძნებული მუნიციპალური საწარმოს “სპორტული ეზოს” დირექტორია.  საწარმო 2010 წლის მარტში უგულავას ბრძანებით შეიქმნა. ხოლო ხვიჩა სექანია – ისანი-სამგორის ლოტის გამარჯვებული და კომპანია ”ფაბლიქ ქარ”-ის დირექტორი, იმავდროულად, ყოფილი მუნიციპალური კომპანია “მუშტაიდის” და კომპანია ” თბილისი პარკინგის” დირექტორია,” – აცხადებდა ხიდაშელი.

 

თბილისის მერი გიგი უგულავა, ამავდროულად, არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მმართველი პარტიის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაში პირადად მონაწილეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი