ახალი ამბები

ახალქალაქის პოლიციის ყოფილ შეფს “ოცნებამ” “ჯავახკის” ლიდერი დაუპირისპირა

20 აგვისტო, 2012 • 2303
ახალქალაქის პოლიციის ყოფილ შეფს “ოცნებამ” “ჯავახკის” ლიდერი დაუპირისპირა

არასამთავრობო ორგანიზაციის – “ჯავახეთის ინტელიგენციის კავშირის” თავმჯდომარე აზატ შიპოქსიანი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. შიპოქსიანი დარწმუნებულია, რომ “ოცნების” გასანეიტრალებლად ჩართო ხელისუფლებამ საარჩევნო მარათონში ახალქალაქის ყველაზე გავლენიანი ჩინოსანი – სამველ პეტროსიანი.

პეტროსიანი ბოლო რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს შსს-ს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს. ის ამ თანამდებობიდან რამდენიმე კვირის წინ გადადგა.

“პეტროსიანი იმდენად გავლენიანია, რომ  როცა სააკაშვილი რეგიონში ჩამოვიდა, მას პირადად შეხვდა,“ – ამბობს აზატ შიპოქსიანი.

მიხეილ სააკაშვილმა პეტროსიანის “გმირულ და პატრიოტულ საქმეებზე” ორი წლის წინ, ჯავახეთში ვიზიტის დროს ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოში ომი დაიწყო, ახალქალაქისა და ნინოწმინდის  პოლიციის უფროსები სამველ პეტროსიანი და არსენ კარაპეტიანი პარიზში იმყოფებოდნენ, ოჯახებთან ერთად.

“საქართველოში დაიწყო დიდი ომი. მათ არ ჰქონდათ ბილეთების გადმოსაცვლელი ფული და სამველი და არსენი მივიდნენ პარიზის სომხურ სათვისტომოში და ისესხეს ფული საქართველოში ბილეთის გადმოსაცვლელად და დასაბრუნებლად. თავის ოჯახებთან ერთად, 8-ში საღამოს უკვე იყვნენ აქ თავიანთ პოსტებზე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. აი, ვინ არის ყველაზე დიდი პატრიოტი საქართველოში. მე მინდა პატივი მივაგო მათ და ახალქალაქის ყველა მკვიდრს, რომელთაც აქ დაიცვეს საქართველო”, – განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.

გოგლა ჟვანია, კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი ახალქალაქში, ამბობს, რომ მათ პარტიულ აქტივობებს ხელისუფლება პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლების მეშვეობით აბრკოლებს. მისი თქმით, სამველ პეტროსიანი პირადად ემუქრებოდა გიორგი მხჩიანს, რომელიც დააპატიმრეს კიდეც მას შემდეგ, რაც “ქართულ ოცნებას” საოფისე ფართი მიაქირავა ახალქალაქში. მელიქ რაისინი კი, ყოფილი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლის წარდგენასაც გეგმავდა “ქართული ოცნება”  მაჟორიტარ კანდიდატად ახალქალაქში, 2007 წელს მომხდარი შემთხვევის გამო გაასამართლეს თაღლითობის ბრალდებით. რაისიანი ამჟამად მიმალვაშია.

პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებზე საუბრობს „ჯავახეთის ინტელიგენციის კავშირის” თავმჯდომარეც:

„ქართულ ოცნებას“ შევუერთდი იანვარში. ჩემი შვილი იყო გამგეობის თანამშრომელი და გაათავისუფლეს სამსახურიდან.  და – პედაგოგი. სკოლიდან ისიც გამოუშვეს. მე ვმუშაობდი ადგილობრივ უნივერსიტეტში. აიღეს ჩემი საათები და შეამცირეს. ეკონომიკის დოცენტი ვარ და სამსახურიდან რეფორმის განხორციელების მოტივით გამომიშვეს. მეუღლე გინეკოლოგია ადგილობრივ კლინიკაში. ზეწოლის შედეგად ისიც იძულებული გახდა,ორი თვე უხელფასო შვებულება აეღო,“ – ამბობს აზატ შიპოქსიანი.

მისივე თქმით, სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ახლო ურთიერთობაში არიან:

„ახალქალაქში ამომრჩევლების ხმების ფალსიფიცირება წლების განმავლობაში  პოლიციის და საარჩევნო კომისიის შეთანხმებული მუშაობის ხარჯზე ხდებოდა”.

ახალქალაქში, სადაც ბოლო მონაცემებით, 41 021 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, არჩევნებში, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს ხოლმე აბსოლუტური უმრავლესობით:

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალქალაქის საარჩევნო ოლქში ხმების 83.9% მიიღო; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში –  90.2%; 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში – 80.3%.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალქალაქის  ბიზნესცენტრის“ წარმომადგენელი  მახარე მაცუკატოვი დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას არც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გაუჭირდება გამარჯვება:

„ახალქალაქელებს არჩევანი არც აქვთ, რადგან არჩევანი ერთია. მხოლოდ იციან სამთავრობო სტრუქტურები. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს არც იცნობენ. აქეთ რომ გვადანაშაულებენ ჯავახებს, რომ პროსამთავრობო აზროვნების ვართ, სხვას არ ვიცნობთ და… თვითონ პარტიები არ არიან აქტიურები. არ ჩამოდიან, არ ხვდებიან მოსახლეობას და წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდებიან ხოლმე.”

„მგონია, ისევ სააკაშვილი გაიმარჯვებს: თავისუფლად გავდივარ ქუჩაში. სიმშვიდეა. ასფალტია დაგებული”, – ამბობს ახალქალაქის მკვიდრი ჯანატ კუსოვი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

დაახლოებით იგივე არგუმენტები აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩვენ ახალქალაქის ქუჩებში გამოვკითხეთ და ხელისუფლების მხარდამჭერები არიან.

მახარე მაცუკატოვი შეწუხებულია იმით, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჯავახეთის პოლიტიკური ინტეგრაცია:

“ოპოზიციური პარტიები როცა აქციებს აწყობენ დედაქალაქში, ეს თბილისში ყოფილა თუ ლოს–ანჯელესში, ჩვენთვის სულერთია. ოპოზიციური პარტიები თვითონ უნდა გააქტიურდნენ. ჩვენი რეგიონის პოლიტიკური ინტეგრაცია არ ხდება, მაგრამ ამაში არ არის დამნაშავე მოსახლეობა. ამაში დამნაშავე არიან პოლიტიკური პარტიები“.

ახალქალაქში ამ დროისთვის ოთხ პოლიტიკურ პარტიას აქვს ოფისი გახსნილი: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “ქართულ ოცნებას”, “ახალ მემარჯვენეებსა” და “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ჯერ მხოლოდ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს შერჩეული.

მოქმედ პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი – ჰარუთინ ჰოვჰანესიანი ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს ახალქალაქში.

ოპოზიციური “ქართული ოცნების” შტაბში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის ახალი კანდიდატი – სამველ პეტროსიანი მისი ყოფილი ხელმძღვანელის – ყოფილი შს მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მიერ არის რეკომენდებული.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი