ახალი ამბები

“ქართული ოცნების” კანდიდატი სხვა “ჯავახკის” წევრია

20 აგვისტო, 2012 • 1447
“ქართული ოცნების” კანდიდატი სხვა “ჯავახკის” წევრია

ნორიკ კარაპეტიანი, რომელიც ახალქალაქში ორგანიზაცია „ჯავახკის“ წევრია, რუსეთში არსებულ „ჯავახკთან“ გაიგივდა, რომელმაც სხვადასხვა დროს არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ჯავახეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნას.

 

რუსეთის “ჯავახკის” ორგანიზაციას უკავშირდება ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ თუკი საქრთველო ნატოს წევრი გახდება, ჯავახეთი ავტონომიას მოითხოვს. აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებებს საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა და ორგანიზაციის განცხადებები გარკვეული რუსული ძალების ინტერესებად შეაფასა.

 

იმას, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო დასახელებული, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე, არნოლდ სტეფანიანი, არასწორ ინფორმაციას უწოდებს.

 

„ეს არის ორი სრულიად სხვადასხვა ორგანიზაცია. მეტიც, არსებობს რამდენიმე „ჯავახკი,“ მათ შორის ერთი ვირტუალური ორგანიზაციაა. რუსეთის „ჯავახკის“ ორგანიზაციაში სულ 2- 3 ადამიანი მუშაობს, რომლებიც წარმოშობით ახალციხიდან არიან. მათ ახალქალაქში არც აქვთ კავშირი და არაც ფილიალები,“- ამბობს სტეფანიანი.

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის განმარტებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ახალქალაქში, ნორიკ კარაპეტიანი ადგილობრივ „ჯავახკს“ წარმოადგენს, რომლის წევრიც რამდენიმე წლის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი და ახალქალაქის პოლიციის უფროსი, სამველ პეტროსიანიც იყო.

 

„ამ „ჯავახკის“ მიზნები მუდმივად ტრანსფორმირდებოდა. ყველაზე მწვავე და კრიტიკული ის ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს იყო. მას შემდეგ მუდმივად იცვლებოდა მისი მიზნები და დღეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ისინი რეგიონში სომხური ენის მნიშვნელობაზე, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე საუბრობენ,“ – ამბობს „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე.

 

ორგანიზაცია “ჯავახკი”, რომლის დამფუძნებელია ნორიკ კარაპეტიანი, 2000 წელს დაარეგისტრირა ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, როგორც სახალხო მოძრაობა ჯავახკი. 2003 წელს საერთო სახალხო მოძრაობა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯავახკად” გადაკეთდა.

 

წესდებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია “ჯავახკის” მიზანია: სომეხ და ქართველ ხალხს შორის საუკუნოვანი ტრადიციების განვითარება; ჯავახეთსა და მოსაზღვრე ტერიტორიაზე სომხური სკოლების საქმიანობის გაძლიერება; მოზარდი თაობის აღზრდა სომხური ტრადიციების მიხედვით, ასევე, ეროვნული ღირებულებების განვითარება და დაცვა.

 

ბიძინა ივანიშვილმა მოძრაობა „ჯავახკის“ წევრი კანდიდატად დღეს დაასახელა და განაცხადა, რომ ნორიკ კარაპეტიანის და ორგანიზაციის საქმიანობას ძალიან კარგად იცნობს.

“მათ ჰქონდათ გამონათქვამები, რომელსაც მე და ჩვენი კოალიციის წევრები არ იზიარებენ. მან გააკეთა განმარტებები, რომ ეს იყო გამოწვევა იმდროინდელი ხელისუფლების იდეოლოგიიდან გამომდინარე, დღეს აბსოლუტურად ქართველური, როგორც შეეფერება ჩვენს სახელმწიფოს, ისეთი პოზიცია აქვს.

ის თავის შეცდომებს განმარტავს, რომელიც წარსულში ჰქონდა და რომელიც არ არის მისაღები ჩვენი საქართველოს მოსახლეობისთვის, მასზე უარს ამბობს და მიზეზსაც ხსნის, რომ ეს გამოწვეული იყო რაღაც გამოწვევაზე იმ ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ეს ხდებოდა. დღეს მას აბსოლიტურად ჭეშმარიტად ჩვენი სახელმწიფოს შესატყვისი პოზიცია აქვს.

 

ახალქალაქი ჩვენთვის ძალიან რთული რეგიონია. სიტუაცია ამ რეგიონში ძალიან რთულია იმ კუთხით , რომ ხელისუფლება თავისი ძლადობის მეთოდს ყველაზე ტექნიკურად ამ რეგიონში იყენებს. ტოტალუარად დაშინებულია იქ მოსახლეობა, რომ ჩვენთან არ ითანამშრომლონ. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კანდიდატის წარმოდგენა,”- განაცხადა ივანიშვილმა კანდიდატის წადგენის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი