ახალი ამბები

რა პრობლემები აქვთ ტაქსის მძღოლებს?

11 ნოემბერი, 2016 • 2918
რა პრობლემები აქვთ ტაქსის მძღოლებს?

დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირი დაარსდა. ტრანაპორტის პროფკავშირის წარმომადგენლები და მძღოლები ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

ტაქსის პროფკავშირის თავმჯდომარედ ნანა ფილაური აირჩიეს. მისი განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან მძღოლებზე ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება, თუმცა მათ ამის შესახებ ინფორმაციები მხოლოდ ჭორის დონეზე ესმით.

როგორც ფილაური აცხადებს,  აქამდეც ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები ტაქსის მძღოლებთან და მუდმივად ესმოდა მათი პრობლემების შესახებ, ხოლო ამ სფეროში პროფკავშირის შექნა თავად მძღოლების ინიციატივაც იყო.

“მძღოლები მეუბნეოდნენ, რომ აუცილებელი და დროულია პროფკავშირის შექმნა, მით უმეტეს, ახლა. მათი გულისტკივილი ძალიან დიდია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თვითონ შექმნეს სამუშაო ადგილები და თავიანთი ავტომობილებით ინახავენ ოჯახებს. არის ტაქსოკომპანიები საქართველოში, რომლის ხელმძღვანდლებსაც უწევთ ტიტანური შრომის გაწევა იმისათვის, რომ იმუშაონ. მათ უკან დგას ოჯახი. ისინი გადასახადის გადამხდელი პირები არიან მაშინ, როდესაც ჭორის დონეზე ვიგებთ ინფორმაციას, რომ თურმე მზადდება გარკვეული რეგულაციები და ამის ამუშავება მოხდება 2016 წლიდან ან 2017 წლის დასაწყისიდან და არავინ არაფერი ვიცით, თუ რა რეგულაციებზეა საუბარი. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, გარკვეულ გულის ტკივილს იწვევს. ჩვენ მოვუწოდებთ სათანადო ორგანოებს, რომ მოხდეს ჩვენი ჩართულობა, რათა თითოელი ტაქსის მძღოლის და თოთოეული ტაქსოკომპანიის ინტერესები გაითვალისწინონ,” – ამბობს ფილაური.

ნანა ფილაურის თქმით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიდის სერიოზული კამპანია, რომ ტაქსოკომპანიების მძღოლები დარჩნენ უმუშევრები, რაც ძალიან მტკივნეული იქნება.

“ჩვენ მივესალმებით რეგულაციებს, მაგრამ მორგებულს ტაქსოკომპანიებზე და მძღოლებზე. რეგულაციები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და უნდა ვიცოდეთ, რას ითვალისწინებს. რეგულაციების შემუშავებისას უნდა მოხდეს ჩვენი მაქსიმალური ჩართულობა. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ტიპის რეგულაციებს მივყავართ ფულად ანაზღაურებებთან და გადასახადებთან, ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოეკიდოს ყველა, ვინაიდან ეს მორგებული უნდა იყოს ტაქსის მძღოლებისა და ტაქსოკომპანიების შესაძლებლობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს: ეს ადამიანები დარჩებიან უმუშევრები ან შესაძლებელია ტაქსის სერვისი გაძვირდეს,” – ამბობს ტაქსის მძღოლების პროფკავშირის თავმჯდომარე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომობილების წესრიგში მოყვანა სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებამდე, ფილაური პასუხობს:

“რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციების შემოღება საჭიროა და ტექნიკურად გამართული უნდა იყოს ავტომობილი, რომელიც ქალაქში მოძრაობს. ტექდათვალიერება არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ტაქსის მძღოლებისაკენ. ვინც არ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, ჩვენი ჩართულობა აუცილებელია ამ პროცესში. არ უნდა გატარდეს ხისტი პოლიტიკა. ამის მიზანი მხოლოდ ის არ უნდა იყოს, რომ ვიღაც “X” ტაქსოკომპანია შემოვიდეს საქართველოში და ეს ხალხი უმუშევარი დარჩეს. ასეთი რამ არ უნდა გამოიწვიოს რეგულაციებმა. ტექდათვალიერება ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო რეგულაციები თბილისის მერიამ აიღო თავის თავზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რეგულაციები მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვრცელდება, რათა მისი ქუჩები განმუხტული იყოს საცობებისგან? იქნებ სხვაგან უფრო მეტს არღვევენ მძღოლები, იქნებ სხვა მძღოლების მოძრაობაც მოსაწესრიგებელია და არა მარტო ტაქსის მძღოლების…”

დავით მამაგულაშვილი, მძღოლი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

დავით მამაგულაშვილი, მძღოლი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

დავით მამაგულაშვილი უკვე 8 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. ახლა ის ერთ–ერთ ტაქსის კომპანიაშია დასაქმებული და დღეში 8 საათს მუშაობს:

“ახალგაზრდებს კონკურენციას ვეღარ გავუწევ, მაგრამ დღეში რვასაათიანი მუშაობით 30–35 ლარს მაინც ვშოულობ და ამით ვინახავ ოჯახს. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, თბილისში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა საათობით გიწევს საცობებში ყოფნა და შემოსავლის ნაწილს კომპანიას აძლევ… ყველაფერი ერთად იყრის თავს და გაუსაძლისი ხდება მუშაობა. რა თქმა უნდა, არსებობს ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზები და ყველა მდგომარეობიდან შეიძლება მოვძებნოთ გამოსავალი, თუმცა უნდა დავფიქრდეთ და მოვილაპარაკოთ.”

მამაგულაშვილი ითხოვს, რომ სახელმწიფომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს ანგარიში გაუწიოს და ახალი რეგულაციებით შეზღუდვები არ დაუწესოს:

“ახლა თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ შესაძლოა შემოიღონ: აკრძალავენ მარჯვენასაჭიანი მანქანით მუშაობას ან შეზღუდავენ. ტექდათვალიერებაზე თანახმა ვართ იმიტომ, რომ საჭიროა და ეს ყველას გვესმის. მოვემზადებით მანამდე და მანქანაც მწყობრში გვეყოლება. ახლა არავინ კრძალავს მარჯვენასაჭიანებს, მაგრამ შეიძლება ამის გამო ტექდათვალიერება ვერ გავიაროთ. ისეთ ქვეყნებში, სადაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილებს კრძალავენ, სხვანაირი ტექდათვალიერებაა და სხვდასხვა პარამეტრებია. შესაძლებელია, რომ ჩვენ ვერ დავაკმაყოფილოთ ეს პარამეტრები. მოძრაობა არა, მაგრამ შეიძლება მუშაობა აგვიკრძალონ,” – ამბობს მამაგულაშვილი.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ლავრენტი ალანია აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლების პრობლემებზე დიდი ხანია მიდის საუბარი და ვისაც გაუხარდება, ყველა საუბრობს რეგულაციების შემოღებაზე:

“ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად, ვიღაცა შემოიღებს ამ რეგულაციებს,რაც გამოიწვევს ათასობით მძღოლის უმუშევრად დატოვებას. ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს, თავიდანვე დავიწყოთ ერთად მუშაობა და დავიცვათ ეტაპები. ხელისუფლებამ თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ამა და ამ ტიპის ტაქსებმა უნდა იმუშაონ, მაშინ დღეს დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს მივცეთ საშუალება, თვითონ შეცვალონ ავტომობილი. ყველა კომპანიამ თავისი ტაქსები შემოიყვანა და ამ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება, რომ იმ ადგილებში მგზავრი გადაიყვანონ. გვინდა თუ არა, 2018 წლიდან მაინც მოხდება ეს და მანამდე ჩვენ უნდა განვუსაზღვროთ ამ ხალხს, თუ რა რაოდენობის ტაქსები უნდა იყოს ქვეყანაში და რა ტიპის ავტომობილებმა უნდა იმუშაონ. იმედია, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებამდე რეგულაციები შემუშავდება მგზავრის გადაყვანაზე. ვითხოვთ, ეს მოხდეს დროულად, რათა მძღოლებიც გათვითცნობიერდნენ ამაში.”

ლავრენტი ალანია, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმდჯომარე. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

ლავრენტი ალანია, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმდჯომარე. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

კახაბერ ქავთარაძეც დიდი ხანია, რაც ტაქსის მძღოლად მუშაობს. მისი თქმით, თავის დროზე ისეთი მანქანა ჰქონდა, რომ იმით სიარულიც კი არ შეიძლებოდა. ქავთარაძე ამბობს, რომ ამის გამო იძულებული გახდა, 2000-წლიანი “მერსედესი” ექირავებინა, რომელიც საბოლოოდ შეისყიდა კიდეც.

“გვესმის, რომ მძღოლები არღვევენ მოძრაობის წესებს, მაგრამ, გინდა არ გინდა, მცირე დარღვევები კიდევ მოხდება. ყოველთვის ვერ გააჩერებს ისე მანქანას, რომ არ დაარღვიო – სხვანაირად მგზავრს ვერ ჩასვამ და ჩამოსვამ. იძულებული ხდები, რომ ნახევარწუთიანი დარღვევა მაინც გააკეთო. მოძრაობის წესებში უნდა აღინიშნოს, თუ რამდენი წამით შეიძლება ამკრძალავ ნიშანთან გაჩერება, ხოლო საპატრულო სამსახურმა ამის გამო არ უნდა დაწეროს ჯარიმები.”

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერების სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს მეორადი მანქანა, ხელისუფლებამ გრძელვადიანი სესხები უნდა გასცეს მძღოლებზე ახალი მანქანების შესაძენად.

“დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი ცხოვრების პირობები, რომ მაღაზიიდან ახალი მანქანა გამოვიყვანოთ და იმით ვიტაქსაოთ. ყველას მეორადი მანქანა ჰყავს სამუშაოდ. რა თქმა უნდა, გარკვეულ სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს ისე, რომ საშუალო ფენამ მეორადი მანქანითაც შეძლოს იმ სტანდარტებში მოხვედრა. თუ არაფერი ეშველება მანქანას, მაშინ გრძელვადიანი სესხები გააკეთონ, რომ ისეთი მანქანა შეიძინოს ადამიანმა, რომელიც სტანდარტებში ჩაჯდება და არ დააბინძურებს გარემოს. ასეთი მანქანები ნამდვიალდ არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ რომელიც საშუალო დონის მანქანაა, იმას არ უნდა აეკრძალოს მუშაობა,” – ამბობს ქავთარაძე.

კახაბერ ქავთარაძე, მძღოლი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

კახაბერ ქავთარაძე, მძღოლი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

საქართველოს მთავრობამ ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური დათვალიერების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით 8 ნოემბერს ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პირველი ვიცე–პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვირდან დაიწყება.

ვრცლად, თუ რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ამოქმედებამდე, იხილეთ მითითებულ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი