ახალი ამბები

“თალიბანის” თავდასხმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე – დაღუპულია 4 ადამიანი

11 ნოემბერი, 2016 • 1938
“თალიბანის” თავდასხმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე – დაღუპულია 4 ადამიანი

ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” თვითმკვლელმა ტერორისტმა ხუთშაბათს, 11 ნოემბერს, გამთენიისას, ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან თავი აიფეთქა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევისას დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საკონსულოს არც ერთი თანამშრომელი არ არის დაშავებული.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) სპიკერის თქმით, აფეთქებამ “მასიური ზიანი” მიაყენა შენობას, სადაც 30-მდე ადამიანი ყოველდღიურად მუშაობს ხოლმე. აფეთქების შემდეგ კი მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელები დაუპირისპირდნენ ავღანურ და გერმანულ დაცვას.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია “თალიბანმა”, — მათი თქმით, ეს პასუხი იყო ნატოს მიერ ავღანეთის ქალაქ კუნდუზის ჩრდილოეთით მდებარე სოფლის დაბომბვაზე, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაზარ-ი-შარიფის პროვინციის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იქ 4 დაღუპული გადმოასვენეს, ხოლო ამჟამად 120 დაშავებულია გადაყვანილი, თუმცა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

გერმანიას, რომელიც ნატოს ერთ-ერთი მისიას (Resolute Support) მეთაურობს ჩრდილოეთ ავღანეთში, 850-მდე ჯარისკაცი ჰყავს აღნიშნული ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო კიდევ 20 სახელმწიფოდან — 1000 ჯარისკაცი.

ავღანელი ჯარისკაცი "თალიბანის" თავდასხმის შედეგად დაზიანებულ საკონსულოსთან. 11.11.2016. ფოტო: EPA/MUTALIB SULTANI

ავღანელი ჯარისკაცი “თალიბანის” თავდასხმის შედეგად დაზიანებულ საკონსულოსთან. 11.11.2016. ფოტო: EPA/MUTALIB SULTANI

მასალების გადაბეჭდვის წესი